ავტორი: ენდრიუ რეტმანი (Andrew Rettman) – თავდაპირველად გამოქვეყნდა Euobserver.com-ზე.
ფედერალურ მხარეებში გამართულ არჩევნებში პოზიციებს რადიკალები იუმჯობესებენ
რეგიონულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის (Angela Merkel) კოალიციური პარტნიორი, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) აცხადებს, რომ შესაძლოა კოალიციური მთავრობა დატოვოს.
სოციალ-დემოკრატებმა ჰესენის ფედერალურ მხარეში კვირას, 28 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ხმათა მხოლოდ 19.8% მიიღეს, განსხვავებით ხუთი წლის წინანდელი 30.7%-საგან.
ჰესენში არასახარბიელო შედეგი აჩვენა მერკელის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმაც (CDU), დააგროვა რა ხმათა 27.2%, წინა არჩევნების 38.3%-თან შედარებით. სამაგიეროდ, მხარდამჭერები მოიმატეს მწვანეებმა (19.6%) და ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (AfD) (13.2%). ამდენად, „ალტერნატივა გერმანიისათვის“ უკვე გერმანიის ყველა, 16 მხარის რეგიონულ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი.
მმართველ პარტიათა არასახარბიელო შედეგი, რაც მათ ჰესენის მსგავსად, თვის დასაწყისში ბავარიაში აჩვენეს, ნიშნავს, რომ მთავრობამ ან ახალი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს, ან დაიშალოსო, განაცხადა SPD-ს სპიკერმა.
„ამ გეგმის შეფასებას საშუალოვადიან პერსპექტივაში შევაფასებთ და ნათლად გამოჩნდება, ამ მთავრობაში ყოფნა ჩვენთვის სასურველია თუ არაო“, თქვა ანდრეა ნალესმა (Andrea Nahles).
„ბერლინში მმართველი პარტიებისადმი შემდეგი გზავნილი გაიგზავნა: ხალხს ჩვენგან ნაკლები კამათი და მნიშვნელოვან პრობლემებზე მეტი ყურადღების გამახვილება სურს“ – ასე ჩათვალა ჰესენის მინისტრ-პრემიერმა ფოლკერ ბუფიერმა CDU-დან.
ბუფიერის ნახსენები „კამათი“ მმართველი კოალიციის შიგნით იმ უთანხმოებებზე მიანიშნებს, რომლებიც ავსტრიის საზღვართან მყოფი მიგრანტებისადმი მოპყრობას უკავშირდება და რომელიც დაზვერვის ანტი-იმიგრანტი შეფის დათხოვნას მოჰყვა.
გერმანული პოლიტიკის ორ მთავარ მოქიშპეს, სოციალ-დემოკრატებსა და ქრისტიან-დემოკრატებს შორის „დიდი კოალიცია“ შარშანდელი არჩევნების მერე შედგა, მას შემდეგ, რაც მერკელის თავდაპირველი გეგმა, კოალიციაში შესულიყო მწვანეებთან და მემარჯვენე-ცენტრისტულ თავისუფალ დემოკრატებთან, ჩაიშალა.
ულტრამემარჯვენეებისადმი მხარდაჭერის აღზევება მერკელის უწინდელი „ღია კარის“ საემიგრაციო პოლიტიკისადმი ამომრჩევლების წინააღმდეგობასაც უკავშირდება. „არჩევნები ჩვენთვის ყველა მიმართულებით წარმატებული გამოდგა“, სიხარულით ამბობს იორგ მოიტენი (Joerg Meuthen), AfD-ს ლიდერი ჰესენიდან.
მწვანეები, რომლებმაც ასევე კარგ შედეგს მიაღწიეს ბავარიაში, ამბობენ, ქრისტიან-დემოკრატები და, განსაკუთრებით, მათი უფრო რადიკალური ბავარიელი დობილი, ქრისტიან-სოციალური კავშირი (CSU) რეგიონულ არჩევებში იმიტომ დაისაჯნენ, რომ AfD-ს ენით დაიწყეს საუბარი, ულტრამემარჯვენეთა მომხრობის იმედითო.
“ხალხი ფიქრობდა, რომ არჩევნების მოგება მხოლოდ ულტრამემარჯვენე პოზიციებზე დგომით იყო შესაძლებელი“, ამბობს მწვანეთა ერთ-ერთი ლიდერი რობერტ ჰაბეკი (Robert Habeck) და ტრაბახით დასძენს, როგორც გამოჩნდა „გზნებით, ოპტიმიზმითა და პრო-ევროპული პოლიტიკითაც ყოფილა თურმე შესაძლებელი მხარდაჭერის მობილიზებაო“.
რედაქციისაგან: ქართული თვალით
ევროპის ქვეყანების დიდ ნაწილში უკვე თითქმის ათი წელია მანამდე ყოვლისშემძლე პარტიები ამომრჩევლის გულებს ვერ იგებენ. ზოგი მიმომხილველი ამბობს, ევროპის მაძღარი ათწლეულების მანძილზე პარტიები მოსუქდნენ, მოდუნდნენ და ახალი მეტოქეების წინაშე მოუქნელნი შეიქმნენო.
სხვები უმატებენ, თანამედროვე საფრთხეებს ვერც კლასიკური სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია უმკლავდება და ვერც ძველებური კონსერვატიზმი, ამიტომაც რადიკალური იდეოლოგიებისადმი მოთხოვნილება მარჯვნივაც გაიზარდა და მარცხნივაცო.
ამას ისიც ემატება, რომ ამომრჩევლების ჯგუფებს უკვე ვეღარ დააბამ ჩვეულ პარტიულ ბაგასთან – ინტელიგენცია მარცხნივ, მუშათა კლასი ცოტა უფრო მარცხნივ ან მარჯვნივ, ბიზნესმენები ცენტრში… ეკონომიკის სისტემაც შეიცვალა, თაობებიც და თავად პოლიტიკის წარმოების მანერაც.
საქართველოსთვის ორიოდ რამეა გასათვალისწინებელი:
- ევროპის დიდი და პატარა ქვეყნების საზოგადოება დაძაბულია, სულ უფრო იხარშებიან თავის წვენში და გამოსავალს ეძიებენ. ერთი მხრივ იტყვით, ესე იგი ჩვენთვის აღარა სცხელათო და მართალიც იქნებით, მაგრამ,
- მეორე მხრივ მათი და ჩვენი პრობლემები, საზრუნავი და შიშები დღეს უფრო წააგავს ერთმანეთს, ვიდრე, ვთქვათ ოციოდე წლის წინათ, როცა ევროპელი პოლიტიკოსი შედარებით მშვიდი და წარმატებული საზოგადოების საზომით აგვზომავდა. დღეს რუსეთის საფრთხეც არ მოჩანს პარანოიად, ვინძლო კორუფციაზეც თანაბარი საფეხურიდან ვისაუბროთ და ნაციონალიზმის აღზევებაც მარტო “აღმოსავლეთის ჩამორჩენილობას” ვეღარ მიეწერება. მეტი შესაძლებლობაა მოგვისმინონ, ჩვენი ჭირი თუ ლხინი გაიზიარონ და გაიგონ, ხალხმაც და პოლიტიკოსებმაც.