დღეს რუსთაველის გამზირზე ორი აქცია-მსვლელობა მოეწყო. აქციებზე შეკრებილებმა 2007 წლის 7 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ოპოზიციის აქციის დაშლა და საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლო პერსპექტივა გააპროტესტეს.
„მე ვიცავ თავისუფლებას“ – ამ სახელწოდების აქცია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომაგენლები და ის პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც 11 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავდნენ, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, კობა დავითაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა თეატრის შენობის წინ მოწყობილ სცენაზე გადაინაცვლეს, სადაც 11 წლის წინ 7 ნოემბერს აქციის დარბევის ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება მიმდინარეობდა.
მეორე საპროტესტო აქცია სახელწოდებით „არა ნაციზმს, ვაპროტესტებთ სისხლიან 7 ნოემბერს“ ოპერის თეატრის წინ გაიმართა, რომელიც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით დასრულდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ქართველმა ხალხმა „არ უნდა დაუშვას“ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება და ამისთვის საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „სწორი არჩევანი“ უნდა გააკეთოს. მათ რუსთაველის გამზირი შეძახილით „არა ნაცებს“ ჩაიარეს.
ორივე აქციის ორგანიზატორებმა რეგიონებში მშვიდობიანი აქციების ჩატარება, არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს კი, თბილისში შეკრება დააანონსეს.
თბილისის გარდა, დღეს მსგავსი საპროტესტო აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში ვერის ბაღში 3 ნოემბერსაც ჩატარდა.
საპრეზიდენტო კანდიდატების გამოხმაურება
7 ნოემბერს სოციალური ქსელით გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურნენ.
„7 ნოემბერი არის წინა ხელისუფლების უმძიმესი შეცდომა და გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისათვის. მართალია, მაშინ არავითარი კავშირი არ მქონდა ხელისუფლებასთან, არცერთი თანამდებობა არ მეკავა და რიგითი კერძო პირი ვიყავი, მაინც სრულად ვიზიარებ ამ დღით გამოწვეულ პასუხისმგებლობას და საკუთარ პრობლემადაც მივიჩნევ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს, „ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ეთამაშა გამაერთიანებლის როლი, სამწუხაროდ, თავისი ქმედებებით კიდევ უფრო გათიშა ისედაც პოლარიზებული საზოგადოება“.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით „ეს ბრძოლა არ დასრულებულა: სამართალისთვის, კანონიერებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, დამოუკიდებლობის გამყარებისთვის ! საქართველოსთვის!“.
2007 წლის 7 ნოემბერი
2007 წლის 2 ნოემბერს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო. პირველ ეტაპზე ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, მოგვიანებით კი, პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდნენ. აქციებს სატელევიზიო მხარდაჭერა ტელეკომპანია „იმედისგან“ ჰქონდა, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი და ოპოზიციის აქციების დამფინანსებელი ბადრი პატარკაციშვილი იყო.
7 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტის წინ კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს და აქციის მონაწილეები დაშალეს, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბა, თუმცა სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს.
7 ნოემბერს, საღამოს, სპეციალური დანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შევიდა და დაარბია. ამის შემდეგ, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა.
მაშინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციის გამოსვლები „ხელისუფლების დამხობის“ მცდელობად შეაფასა. ოპოზიციის ლიდერებს კი რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დასდო ბრალად. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ნოემბერს ქვეყენაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)