Site icon Civil.ge

1918: ვილსონისეულ თვითგამორკვევისა და დეკოლონიზაციის პრინციპთა ქართული ანალიზი

(„სახალხო საქმე“, N372, 1918 წ. ნოემბრის 1.)

 

ანექსია-კონტრიბუციის გაღრმავება

სარაევოს დრამის შემდეგ ლიტერატურაში და პოლიტიკურ წრეებში პოპულიარული მოძღვრება იყო ეროვნული „თვითგამორკვევა“ და ზავი უანექსიოდ და უკონტრიბუციოდ. შემდეგში, როცა ანექსიის და კონტრიბუციის პრინციპი განხორციელდა რუსეთის დიდ ტერიტორიაზე  ეს პრინციპი რამდენადმე გაამასხარავეს, ხოლო მარნის ველზე უკანასკნელ კატასტროფამდე ხსენებული პრინციპი სავსებით იყო დავიწყებული.

როგორც ირკვევა ანექსიის და კონტრიბუციის პოლიტიკის წინანდებურად წარმოება დაბერებულ და მოქანცულ ევროპიულ კაპიტალიზმს არ შეუძლიან. თანამედროვე ცხოვრებაში ყველაფერს აქვს საზღვარი და თანამედროვე უაზრო, გამანადგურებელ ომსაც იმიტომ ჰქონდა ადგილი, რომ კაპიტალის კონცენტრაციის გვერდით კოლონიათა კონცენტრაციას დაურჩა ადგილი, რომელიც სწორედ ანექსიის და კონტრიბუციის პოლიტიკამ შექმნა. პაწია ინგლისი სულ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დედა მიწის ზურგზე უპირველესი და უდიდესი სახელმწიფო შეიქმნა, რომლის ტერიტორია აღემატება 400 ათას ოთხკუთხედ გეოგრფ. მილს. თვით რუსეთი, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში ძლივს 40 ათას ოთხკუთხედ მილს შეადგენდა იაპონიასთან ომამდე თერთმეტ ჯერ გაიზარდა და მსოფლიოში ტერიტორიალურ სიდიდით ინგლისის შემდეგ დაიჭირა მეორე ადგილი.

არის თუ არა შესაძლებელი, რომ კოლონიათა კონცენტრაცია კვლავ მოხდეს ისეთივე სისწრაფით, როგორც ეს ხდებოდა მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნეში? ეს კითხვა დღეს მსოფლიოს წინაშეა წამოყენებული, მის გადაჭრას ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი ვილსონი და ჩვენ ვფიქრობთ სწორედ ამ საკითხის გადაჭრას უდიდესი, სამსოფლიო მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისა და ერებისათვის. საქართველოც უეჭველად აღორძინდება ამ პრინციპის ნიადაგზე და ამიტომ საჭიროდა ვსთვლით ამ ნიადაგს ისევ მივაპყროთ ჩვენი მოწინავე საზოგადოების ყურადღება.

დღეს ვილსონმა ისევ წამოაყენა ანექსია კონტრიბუციის პრინციპი, მაგრამ ერთის განსხვავებით, ვილსონი ამ პრინციპს დეკოლონიზაციის ორინციპს უმატებს. ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად ექნება ვილსონის მოთხოვნილებას გასავალი, მაგრამ თუ ვილსონი მართლა გახდა ზავის პიონერი, მისი ნაბიჯი იქნება გაცილებით მეტი რევოლიუციონური მნიშვნელობისა, ვიდრე თვით ბოლშევიკურ რუსეთის თებერვლის და ოქტომბრის ქარტეხილებს ჰქონდა. ვილსონის პოლიტიკა არა თუ ანექსიის და კონტრიბუციის უარყოფაა, ის თანამედროვე კოლონიალურ სახელმწიფოების დარღვევის პოლიტიკაც არის, რასაც აუცილებლად გულისხმობს ეროვნული თვითგამორკვევა და დემარინიზმის და დემილიტარიზმის ქადაგება.

თუ ჩაუკვირდებით თანამედროვე კაპიტალისტურ ქვეყნების ცხოვრებას, მათ შორის ქიშპობას და მეტოქეობას ადგილად დავინახავთ რომ თანამედროვე ომი არის ომი არა ახალ ქვეყნებში ახალ ქვეყნებისა და კოლონიებისათვის, არამედ კაპიტალისტურ სახელმწიფოების ერთმანეთის დასაცემად, კოლონიების ხელიდან გამოსაგლეჯად. კოლონიალური ომები წინად უმეტეს შემთხვევაში სამხედრო სეირნობას შეადგენდა, დღევანდელი ომი კი გახდა უმაგალითო უბედურების მიზეზი, რომელმაც აღაშფოთა არა მარტო დემოკრატიული მსოფლიო, არამედ  ბურჟუაზიული სამყაროც. რამდენადაც პირველი იყო ადვილი, იმდენადვე მეორეა ძნელი, თითქმის მიუწვდომელი. მეოცე საუკუნე იქმნება ხანა კაპიტალისტურ ომების შეუძლებლობისა, მისი დათრგუნვისა, კოლონიების თანდათანი განთავისუფლებისა – ეხლანდელი ომი – აი პროლოგი ამ მოვლენისა და თუ ასეთი რეფორმა ასე ძვირად უჯდება კაცობრიობას, ცხადია, პატარა ერების და კოლონიების თავისუფლება უდიდესი მოვლენაა რასაც დიდი ხარჯი სჭირიან.

თვით რუსეთმა მეოცე საუკუნე ასეთ მოვლენისათვის გაშალა ასპარეზი. კოლონიალური ომი იაპონიასთან გათავდა კოლონიალურ რუსეთის დამარცხებით, რომელმაც პორტსმუტის ზავით დაკარგა 30 ათაზე მეტი ოთხკუთხი ვერსი კოლონიალურ ტერიტორიისა. დამახასიათებელია, რომ რუსეთის დეკოლონიზაცია მაშინ მოხდა ამერიკაში და დღესაც იგივე პრინციპი გვესმის იმავე ამერიკიდან.  მეოცე საუკუნის ომები ბალკანეთში, ომი ოსმალეთთან პატარა სახელმწიფოების გახდა კოლონიალურ ოსმალეთის დაცემის ომად და პატარა სახელმწიფოების გაძლიერების აქტად. ამჟამად გერმანია თანხმდება ვილსონის პრინციპს და ამნაირად მსოფლიო ორ ბუმბერაზ სახელმწიფოებში გამოსავალი აქვს უანექსიო და უკონტრიბუციო ზავის ქადაგებას, რომელიც გაღრმავებულია დეკოლონიზაციის პრინციპით. ბევრს უკვირს, რომ ვილსონის წინადადებას ასე მედგრად გამოეხმაურა გერმანია. საზოგადოებას უნდა მიექცია ყურადღება შემდეგი მოვლენისათვის; ინგლისი მეტად უსიამოვნოდ შეხვდა ვილსონის დეკლარაციას. ამ ფაქტებში ჩამარხულია თანამედროვე ომის და ზავის მთელი საიდუმლოება და ვინც იცნობს ამ საიდუმლოებას მისთვის აშკარაა: ვილსონის წინადადება, როგორც ამერიკისათვის, ისე გერმანიისათვის სასურველია და მისაღები. საქმე იმაშია რომ ამერიკაც და გერმანიაც შედარებით ახალი კაპიტალისტური ქვეყნებია, რომელნიც ასპარეზზე გამოვიდნენ მაშინ როცა საფრანგეთს, ინგლისს და სხვ. […]..კოლონიები დაჭერილი ქონდათ, ამ ჟამად ეს ორი დიდი სახელმწიფოა, რომელთაც პაწია სახელმწიფოების კოლონიებიც არ აქვთ და ამნაირად დეკოლონიზაციას პრინციპი, პრინციპი პატარა ერები და ქვეყნების განთავისუფლებისა არას აკლებს. ეს პრინციპი ინგლისის უბედურებაა და ამიტომ დღეს ინგლისია რომ ომის გაგრძელებას ცდილობს ვილსონის ქადაგების მიუხედავად.

ამერიკას ორი მტერი ყავს ეკონომიკის სარბიელზე: იაპონია და ინგლისი, ორივე ეს კონკურენტი ამერიკისა კოლონიალური სახელმწიფოა. დააუძლურეთ იაპონია და ინგლისი დეკოლონიზაციით – მოიგებს ამერიკა და ამერიკასთან ერთად გერმანიაც. ამიტომ ნურავის გონია, რომ ვილსონი ქადაგებს ჰუმანიურ აზრებს განყენებულად, არა, ვილსონის ჰუმანიზმი ამერიკის სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, ამაში გერმანიაც დაინტერესებულია და ამიტომაა ეს ორი სახელმწიფო ყველაზე მეტად ეტრფის ომის ლიკვიდაციას.

ვილსონის პრინციპები ჩვენს პატარა სამშობლოს ახალ გარანტიას აძლევს მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცებისათვის. უეჭველია, ინგლისი და საფრანგეთიც ამ გზას დაადგებიან.

თედო ღლონტი.