Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს ჩავიდა, 8 ნოემბერი, 2018, ფოტო: facebook.com/zourabichvilisalome/

დღეს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სიახლოვეს, სოფელ ატოცში ჩავიდა და ის ადგილი მოინახულა, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის გავლების მიზნით, რკინის ძელების ჩასმა დაიწყეს.

ზურაბიშვილის განცხადებით, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს ჩასვლა შექმნილმა „მდგომარეობამ მოითხოვა“. „მე ვარ ჩამოსული აქ, რათა ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე და როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ჩვენ ავყვეთ პროვოკაციას, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას და თავის მოქალაქეებს“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, საჭიროა პარტნიორებთან ერთად მუშაობა, რათა „გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება“ და „ამავე დროს მუშაობა იმისთვის, რომ ეს არ გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი“. საპრეზიდენტო კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, სალომე ზურაბიშვილმა აღარ უპასუხა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ამაზე გიპასუხეთ არაერთხელ“, გამეორებას კი არ აპირებს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ის, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, პირველად ავღანეთში გაემგზავრება და სამშვიდობო მისიაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს.

სალომე ზურაბიშვილი 7 ნოემბერს ატოცთან ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს საკუთარ Facebook-ზე განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია „ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფისა! ეს არის დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი“.

„მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთ ჩვენს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით, პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე, შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა მან

6 ნოემბერს ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მავთულხლართების აღმართვის სამუშაოები ზნაურის რაიონის სოფელ ბალთას მახლობლად პირველ ნოემბერს განახლდა. იმავე დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე „უკანონო ბორდერიზაციის პროცესი“ მიმდინარეობს. ფაქტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც დაგმეს.

საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ ხელოვნური ბარიერების მშენებლობის განახლება გახლავთ საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა“, რის შესახებაც ინფორმირებულია ყველა მეგობარი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)