ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბორდერიზაციის აქტივობები „გავლენას ახდენს სტაბილურობაზე და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებებზე“.
განცხადების თანახმად, „აღნიშნულ რაიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების ჯგუფებმა სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ დაახლოებით 400 მ-ის სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარე ახალი ღობეების გავლებასთან დაკავშირებული სამუშაოები შენიშნეს“.
„სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით დაბრკოლებებს უქმნის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და სავარაუდოდ, მათ საარსებო გარემოსაც“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.
„როგორც აღნიშნული პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის უმოკლეს ვადებში აღდგენისკენ, რომელიც 2009 წლიდან ხელს უწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – აცხადებს მისია.
მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „მისია თავისი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ევროკავშირის უწყებებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ადგილზე არსებული ვითარების შესახებ უახლოესი, უტყუარი და დროული ინფორმაციის მიწოდებას“.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან მავთულხლართების აღმართვის პროცესი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს, რაც მიზნად ცხინვალის რეგიონის მახლობლად არსებული საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას ისახავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)