ქრისტინა პიტალსკაია პოლონეთის მშფოთვარე საშინაო პოლიტიკისა და მმართველი პარტიის მედეგობის შესახებ.
არც თუ ისე პოზიტიურმა პოლიტიკურმა ჰედლაინებმა პოლონეთიდან – დემოკრატიული ინსტიტუტების უგულვებელყოფა, სახალხო დემონსტრაციები, მზარდი კონფლიქტი ევროკავშირთან – მკითხველს შეიძლება აფიქრებინოს, რომ 2015 წელს პოლონელების 54%-ის მიერ არჩეული ნაციონალისტური ხელისუფლება ლოგიკურ დაღმასვლას განიცდის. სინამდვილეში კი, მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ (Prawo i Sprawedliwość, PiS) საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, ხოლო ოპოზიციისგან მომავალი გამოწვევა არც თუ ისე სერიოზულია.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
უკანასკნელმა არჩევნებმა მხოლოდ დაადასტურა ზემოთთქმული. მმართველმა პარტიამ, მართალია, მხოლოდ 7%-ის უპირატესობით, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ოპოზიციაში მყოფ კონსერვატიულ „სამოქალაქო პლატფორმაზე“ (Platforma Obywatelska, PO) ძირითადად, რეგიონებში მიღებული მხარდაჭერის ხარჯზე. 2015 წლის არჩევნებთან შედარებით ეს საგრძნობლად დაბალი შედეგია.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა საარჩევნო დინამიკა დიდ ქალაქებში, სადაც ოპოზიციური „სამოქალაქო პლატფორმა“ და „.თანამედროვე” პარტია (.Nowoczesna) უფრო მომატებული მხარდაჭერით სარგებლობენ, ვიდრე რეგიონებში.
21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ვარშავის მასშტაბით პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება (54,1%) მოიპოვა ოპოზიციის კანდიდატმა რაფალ ტრზასკოვსკიმ (Rafał Trzaskowski), რომელიც ოპოზიციური ძალების დასაყრდენად იქცევა 2019 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე. „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ასევე დიდ ქალაქებში, ლოძსა და პოზნანში. არჩევნების მეორე ტური რამოდენიმე რეგიონში 4 ნოემბერს ჩატარდა და შედეგები არსებითად არ შეუცვლია.
მმართველი პარტიის პოპულარობის მიზეზები
ოქტომბრის ბოლოს პოლონეთში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ მმართველი პარტიის პოპულარობა მხოლოდ პოპულიზმს ვერ მიეწერება.
„კანონი და სამართლიანობა“ წარმატებას ნაციონალისტურ და ანტი-იმიგრაციულ რიტორიკასთან ერთად, საშინაო დონეზე წარმატებით განხორციელებულ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებსაც უმადლის.
სწორედ ეკონომიკური და სოციალური დაპირებების შესრულებაა, პოლონელების აზრით, ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხო გარემოს უმთავრესი წინაპირობა.
წარმატებები მნიშვნელოვნად ამყარებს მმართველი გუნდის პოზიციებს არჩევნებიდან არჩევნებამდე, და შესაბამისად, ასუსტებს ოპოზიციურ ძალებს.
ოპოზიციის სისუსტეები
პოლონური ოპოზიციური სპექტრი ნამდვილად ვერ მოიაზრება მოწინავე რიგებში, რაც, განსაკუთრებით 2015 წლის შემდგომ, განპირობებული იყო პარტიების დაქსაქსულობითა და შიდა პარტიული სკანდალებით, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს სცდებოდა.
ნაკლებად სადავოა ის ფაქტი, რომ დღევანდელი პოლონური ოპოზიცია ეფექტური მმართველობის კრიზისს განიცდის. კულისებს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებების გახმოვანება და შესაბამისად, პოტენციურ ამომრჩეველთან ღია დიალოგის არარსებობა განსაკუთრებულ ზიანს აყენებს მთავარ ოპოზიციურ ძალას, „სამოქალაქო პლატფორმას“, რომელიც 2014 წლის შემდეგ მუდმივად მმართველობის კრიზისშია.
უფრო მეტიც, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, „სამოქალაქო პლატფორმის“ ამჟამინდელი ლიდერი გრჟეგორჟ სხეტინა (Grzegorz Schetyna) ლიდერობს იმ პოლიტიკოსთა რიგებში, ვისაც მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად ენდობა.
რიგით მეორე პოპულარული „.თანამედროვე“ პარტია მხარდამჭერთა ნაკლებობას განსხვავებული მიზეზების გამო განიცდის. 2015 წელს ეკონომისტ რიშარდ პეტრუს (Ryszard Petru) მიერ შექმნილი ლიბერალური პარტია მრავალფეროვნებას მატებს საკმაოდ მონოტონურ პოლიტიკურ სპექტრს პოლონეთში. საარჩევნო კამპანიის წარმართვისათვის საჭირო ფინანსური რეგულაციების დარღვევა, დიდი რაოდენობით ვალი, პეტრუს ინტიმური კავშირი თანაპარტიელ კოლეგასთან – იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც დანარჩენ ლიდერებთან ერთად, პეტრუს მიერ პარტიის სათავეების დატოვება გამოიწვია.
უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი სისუსტე, რაც პოლონეთში ყველა ოპოზიციურ ძალას ახასიათებს, ახალი იდეების ნაკლებობა და მოსახლეობასთან არაეფექტური კომუნიკაციაა.
დღესდღეობით, რთულია იმის გარკვევა, თუ რა ღირებულებებზე დგას „სამოქალაქო პლატფორმა“, როგორც პოლიტიკური გაერთიანება, ან კონკრეტულად რას პირდება ის ამომრჩეველს.
მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაში, „სამოქალაქო პლატფორმა“, ისევე, როგორც „.თანამედროვე“ პარტია, ან სხვა ოპოზიციური ძალა, ამომრჩევლის მხარდაჭერაზე ვერც კი იოცნებებს, თუკი მათი პოლიტიკური დღის წესრიგი დიდწილად ანტისახელისუფლებო განწყობებზე იქნება აგებული.
არჩევნების შედეგები და ევროკავშირი
ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭებამ მმართველ პარტიას დიდი ზიანი მიაყენა საშინაო და საერთაშორისო დონეზე.
2018 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლების 7%-ის დაკარგული მხარდაჭერაც შეიძლება ნაწილობრივ სწორედ ამ ჭრილში განვიხილოთ. პოლონეთში არსებული 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან (სავოევოდო) მხოლოდ 9 ადმინისტრაციულ ერთეულში მოგების შემდეგ, მმართველი პარტია რთული არჩევანის წინაშე დგას.
ერთის მხრივ, ქვეყნის შიგნით მმართველმა პარტიამ წელს მიაღწია ერთიანი ეროვნული პროდუქტის 4,7%-იან ზრდას, უმუშევრობის დონის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლითა და მზარდი ხელფასების სქემით.
მეორეს მხრივ, კი ევროკავშირის მტკიცე წინააღმდეგობამ სასამართლო რეფორმის განხორციელების კუთხით და, თავის მხრივ, მმართველი პარტიის მიერ მართლმსაჯულების ევროპული სამართლოს გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობამ, მმართველი „კანონი და სამართლიანობა“ შეიძლება ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი ჯარიმების გადახდის აუცილებლობის წინაშე დააყენოს.
ეს კი პრობლემაა, რადგან მმართველ გუნდს მომავალ წელს სოციალური დანახარჯების გაზრდის საშუალებას არ მისცემს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია 2019 წლის შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებამდე უპირატესობის შესანარჩუნებლად.
თუკი მმართველი პარტია ევროსასამართლოს შენიშვნებს დაჰყვება, ამით ის გადაუხვევს არჩეული პოლიტიკური თამაშის წესებს, რაც საგრძნობლად შეასუსტებს მმართველი პარტიის და კონკრეტულად, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის (Mateusz Morawiecki) რადიკალურად ნაციონალისტურ პოზიციებს, შეამცირებს რა მის პოპულარობას და შანსს, გახდეს პარტიის მმართველის, იაროსლავ კაჩინსკის (Jarosław Kaczyński) პოლიტიკური მემკვიდრე.
მძაფრი ორმხრივი დაძაბულობის მიუხედავად, ევროკავშირისადმი მხარდაჭერა პოლონეთში არ იკლებს. პოლონეთი ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც, როგორც ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების პოტენციალი გააჩნია.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის არჩევნებზე პოპულისტური პარტიის მიერ მცირე უპირატესობის მოპოვების მიუხედავად, მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ დომინანტური პოზიციების ხელში ჩაგდება პოლონეთში ნაკლებად სავარაუდოა.
აღნიშნული, რასაკვირველია, შფოთვის საბაბს არ აკლებს, მაგრამ იმედს ნამდვილად უსახავს პრო-ევროპული პოლონეთის მხარდამჭერებს ქვეყნის შიგნითა და მის საზღვრებს გარეთ.