Site icon Civil.ge

საქართველოს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

დავით ზალკალიანი და ტიმო სოინი 12 ნოემბერი, 2018. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 11-16 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით სკანდინავიის ქვეყნებს სტუმრობს, დღეს თავის ფინელ კოლეგას, ტიმო სოინის შეხვდა და ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 12 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მინისტრებმა „შესანიშნავი შეხვედრა და ნაყოფიერი დისკუსიები“ გამართეს.

„განვიხილეთ საქართველოს და ფინეთს შორის პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობა. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ტურიზმი ფინეთიდან საქართველოში სწრაფად იზრდება. ასევე, დადებითად ვუყურებ იმ საკითხს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მეტ ინვესტიციებს და ვაჭრობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ტიმო სოინიმ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს „გაჭიანურებულ კონფლიქტებზეც“ ისაუბრეს. მანვე რუსი სამხედროების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან მავთულხლართების აღმართვაც დაგმო.

„ვგმობთ ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვას“, – განაცხადა სოინიმ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ თავისი ქვეყნის „ურყევი მხარდაჭერა“ გამოხატა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში, დავით ზალკალიანი 13 ნოემბერს ნორვეგიას და 14-15 ნოემბერს კი დანიას ეწვევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)