Site icon Civil.ge

გაერთიანებული შტაბის უფროსი ზურაბიშვილის წინააღმდეგ ყოფილი სამხედროების კამპანიას ეხმაურება

გაერთიანებული შტაბის მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, 13 ნოემბერი, 2018, ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ყოფილი სამხედროების მიერ სოციალურ მედიაში წარმოებულ კამპანიას გამოეხმაურა.

13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ჩაჩიბაიამ ხაზი გაუსვა, რომ „ნებისმიერი მცდელობა – ჯარი ჩაითრიონ პოლიტიკურ პროცესში, არის სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“.

„საქართველოს შეიარაღებული ძალები არის პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა…ქართული ჯარი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისგან, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.

„საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, აძლევს სამოქალაქო უფლებას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და ამით გამოხატონ პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, გადამდგარმა გენერალმა დევი ჭანკოტაძემ, რომელიც 2009-2012 წლებში გაერთიანებული შტაბის მეთაური იყო, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი და მთავარსარდალი ვერ იქნება ის ადამიანი, ვინც „დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში“. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს“, – აღნიშნა მან.

2009-2012 წლებში გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალი დევი ჭანკოტაძე, ფოტო: კადრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვიდეოდან

თავდაცვის სამინისტრო ვიდეომასალას მალევე გამოეხმაურა და შეიარაღებული ძალების პოლიტიზების მცდელობა დაგმო. თუმცა, ჭანკოტაძის მიმართვამ ათობით სხვა ყოფილ სამხედროს, ზურაბიშვილის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებისკენ უბიძგა.

ჭანკოტაძისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირა ყოფილი სამხედროების ნაწილმა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა თერთმეტი თადარიგის გენერლის სახელით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა“.

„ჩვენ, ქართველი სამხედროები, ვეტერანები, ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში, ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდით, არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)