ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს ჩატარდება.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების დღეს ამომრჩევლისთვის 3 705 უბანი გაიხსნება, მათ შორის, 55 უბანი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. 28 ნოემბერი დასვენების დღედ გამოცხადდა.
ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედროებისთვის კენჭისყრა ორ საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.
ცესკოს გადაწყვეტილებას წინ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა უძღოდა, ისინი საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებდნენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დაენიშნა, რაც მათი შეფასებით, ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობას შეაფერხებდა. მეორე ტურის ჩატარების ალტერნატივად 1 დეკემბერი განიხილებოდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შანსების გაზრდას ემსახურება.
ბოლო რამდენიმე დღეა, მედიაში აქტიურად მიდიოდა საუბარი, რომ არჩვნების მეორე ტური სწორედ 28 ნოემბერს ჩატარდებოდა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიას ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. დღეს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კომენტირებისას, თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების თარიღის გამოცხადება ცესკოს დაასწრო. „კვლევებს რაც შეეხება, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე და მანიპულირება საზოგადოების აზრზე…28 ნოემბერს აღმოჩნდება განსხვავებული რეალობა“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)