Site icon Civil.ge

ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ევროსაბჭოს მინისტრების მოადგილეების შეხვედრა, 24 ოქტომბერი, 2018, ფოტო: coe.int

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1329-ე შეხვედრაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა, საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ წარადგინა, რომელიც 2018 წლის 18 აპრილიდან – 2018 წლის სექტემბრის პერიოდს მოიცავს და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ანგარიშში აღნიშნა, რომ „მიუხედავად განმეორებითი ძალისხმევისა, სამდივნოს არ მიეცა კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლება“, რითიც მას „არ მიეცა შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება ადგილზე შეეფასებინა“.

შედეგად, დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია წინა კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, ასევე საქართველოს ხელისუფლებასთან და სახალხო დამცველთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კონფლიქტის მოგვარებასა და შერიგებაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრებზეა დაფუძნებული.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება „შეფასებულია როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური“.

თუმცა, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტკიცების შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრები გალსა და ერგნეთში ჩაიშალა და მათი ბედი გაურკვეველია.

გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობა კვლავ მხარს უჭერს იმ ქმედებებს და ნაბიჯებს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებისკენაა მიმართული და რომ მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ამის კონკრეტული მაგალითია.

აფხაზეთი

აფხაზეთში, „უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება შედარებით სტაბილური და მშვიდი იყო“, თუმცა პოლიტიკური სიტუაცია კვლავ არამდგრადია.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მართალია საანგარიშო პერიოდში, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შენელებული ტემპით მიმდინარეობდა, სიტუაციის მონიტორინგში ჩართულმა სხვადასხვა დამკვირვებლებმა, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებიდან, შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი „მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას“.

დოკუმენტის თანახმად, „აფხაზეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობა კვლავ რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფება დოკუმენტებთან დაკავშირებით“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „უცხოელის“ სტატუსი ახალ ე.წ. ბინადრობის ნებართვებში „სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ბევრისთვის და ადგილობრივ მოსახლეობას იზოლაციის შეგრძნებას უმძაფრებს“.

დოკუმენტში ასევე საუბარია ქართულ ენის სწავლასა და ქართულ ენაზე სწავლებაზე და აღნიშნულია, რომ მისმა ეტაპობრივმა აკრძალვამ „სერიოზული წუხილები გამოიწვია და განათლების ხარისხზე მოახდინა გავლენა“.

ცხინვალის რეგიონი

ანგარიშის თანახმად, ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ადგილზე მყოფმა დამკვირვებლებმა შეაფასეს როგორც „შედარებით მშვიდი“.

თუმცა, საანგარიში პერიოდში გრძელდებოდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ანგარიშის თანახმად, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე და მოსახლეობის აღქმაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გენერალური მდივანი ასევე შეეხო ცხინვალის რეგიონში დარჩენილი ეთნიკური ქართველების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების საკითხს. ანგარიშის თანახმად, „დოკუმენტებზე წვდომა პრობლემური რჩება იმ ფონზე, როდესაც ახალგორის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის სტატუსთან დაკავშირებით სადავო დებატები მიმდინარეობს“.

15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამისა და სხვა პარტნიორების მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 14 ნოემბრის შეხვედრაზე ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)