Site icon Civil.ge

ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები წინასაარჩევნოდ გენდერულ დისკრიმინაციაზე საუბრობენ

ფოტო: facebook.com/GeorgianWomensMovement/

ქალთა უფლებებზე მომუშავე რვა არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის – „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“ და „თანასწორობის მოძრაობა“ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი, მმართველ პოლიტიკურ ძალას „გენდერული მგრძნობელობის“ გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციების მიერ 16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი კონკრეტულ ფაქტებზე მითითების გარეშე, გამუდმებით ცდილობს, მათ მიერ მხარდაჭერილი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის „გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლად“ წარმოჩენას.

ორგანიზაციები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, წინასაარჩევნო კამპანიაში საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ჩართულობის შემცირებას და სარეკლამო ბილბორდებზე მისი სურათების მამაკაცი პოლიტიკოსებით ჩანაცვლებასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ყოველივე ეს „აზიანებს გენდერული თანასწორობის იდეას და კიდევ უფრო ხელს უწყობს ქალი პოლიტიკოსების მარგინალიზაციას“.

„მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხაზგასმით კი, მმართველ პოლიტიკურ ძალას ,,ქართულ ოცნებას’’, გამოიჩინოს მეტი გენდერული მგრძნობელობა, არ წარმოაჩინოს სალომე ზურაბიშვილი მსხვერპლად, კაცებთან შედარებით სუსტ პოლიტიკოსად და არ გაამყაროს გენდერული სტერეოტიპი ქალი პოლიტიკოსების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო დღეებში სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში და ინტერნეტსივრცეში სარეკლამო ბილბორდები და ვიდეორგოლები გამოჩნდა, სადაც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩანან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ეს მათი ახალი სტრატეგიის ნაწილია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)