იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებებს, რომ ცალკეული ქართველი სამხედროები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) შესაძლოა პასუხისგებაში მისცეს, ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
წულუკიანმა ICC-ის მიმდინარე გამოძიების შესახებ 14 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ისაუბრა. იუსტიციის მინისტრმა ჰააგაში მდებარე ორგანიზაციის Justice International-ის წარმომადგენლის, ნიკა ჯეირანაშვილის ადრინდელ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს გამოძიებაში ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
თეა წულუკიანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ICC-ის გამოძიება დაადგენს იმ პირებს, რომელთაც ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინეს და ქართველი ჯარისკაცების წამებაში მონაწილეობდნენ. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე ვერ აკონტროლებს, თუ ვინ შეიძლება გამოვლინდეს ამ პროცესში.
„თუ ფატუ ბენსუდა [ICC-ის პროკურორი] მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება კონკრეტული ადამიანების დაკავების მოთხოვნით ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიმართოს. საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება მხარე, ან რამეში დადანაშაულებული. აქ შეიძლება მხოლოდ დადგეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა განურჩევლად მოქალაქეობისა და განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა“, – განაცხადა წულუკიანმა.
- საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება 2013 წლის ბოლოს შეფერხდა, რასაც ICC-ის მიერ 2016 წლის იანვარში გამოძიების დაწყება მოჰყვა. საქართველო მიესალმა, რუსეთმა კი, გააკრიტიკა ICC-ის გადაწყვეტილება.
- საქართველო, როგორც რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც ICC ჩამოყალიბდა, ვალდებულია, რომ სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან – იგივე ვალდებულება არ ვრცელდება რუსეთზე, ვინაიდან ის რომის სტატუტის ხელმომწერი არ არის.
იუსტიციის მინისტრის კომენტარი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკრიტიკა, რომლის თქმითაც საქართველოს ხელისუფლება „ხელებს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომელთაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის მიერ შეთითხნილი“ ბრალდებებისგან.
„ეჭვგარეშეა, რომ როგორც ეს არის დაგეგმილი რუსეთის ფედერაციის მიერ, თუ ამ საქმის მსვლელობისას, ე.წ. ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც ქართულმა ოცნებამ კერძო პირებად გამოაცხადა, საქმეების განზოგადოება საქართველოს სახელწმიფოს საწინააღმდეგოდ და შედეგად დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე როგორც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა ინდივიდუალურ ბედთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს გადადგომისკენ მოუწოდა.
თემას ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძეც გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილისთვის 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების პატიების გამო, ქართული ოცნების ხელისუფლება ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.
„თუ ჩვენ დაგვბრალდება, როგორც სახელმწიფოს, რომ სამხედრო დანაშაულები ჩავიდინეთ და ომი დავიწყეთ და რუსეთი მართალი იყო, რომ დაჩაგრული მოსახლეობა, რომელსაც ჩვენ დავესხით თავს, მაშინ გამოდის, რომ წაგებული გვაქვს ეს ომიც, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა სამართლებრივად დაწყებული იქნება. ეს ჩვენი ეროვნულ ინტერესებისთვის იქნება კატასტროფა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ქართული ოცნების პასუხი
მმართველმა პარტიამ ბრალდებებს 16 ნოემბერს უპასუხა. თბილისის მერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიცია იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან „გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას“.
„ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს და ნაციონალური მოძრაობა უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას“, – განაცხადა კალაძემ.
„პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ „დღეს, ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში“.
საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „დღეს მიმდინარეობს ყოვლად უსირცხვილო დარტყმები იმაზე, რაც არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტი. მე ვიცი, რომ ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, მაგრამ არ გამოუვათ, რომ აიყოლიონ ჩვენი ყოფილი სამხედროები ამ პროვოკაციაში“. მანვე დასძინა, რომ ქართული ოცნების მთავრობა და იუსტიციის მინისტრი „იყო, არის და იქნება მათი ყველა დიდი და ერთგული მხარდამჭერი“ სხვადასხვა საერთაშორისო დავაში.
გასულ კვირას გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ის სალომე ზურაბიშვილის შესახებ საუბრობს, ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მომდევნო პრეზიდენტი და მთავარსარდალი ვერ იქნება ის ადამიანი, ვინც „დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს, ჩვენი გმირები გაასამართლოს, ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)