პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, მიმდინარე წლის 15-დან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მთავრობის ჭარბვალიანობის დაძლევის გეგმის ფარგლებში, 600 000 მოქალაქე ე.წ. შავი სიიდან ამოვა და ვალი გაუნულდება.
19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა განაცხადა, რომ „700 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას“ და დასძინა, რომ „ჭარბვალიანობის დაძლევის გარეშე, სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია“.
„მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა და, მათ შორის, ე.წ. სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარა ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ და იქვე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ „ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის“ რეალიზების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს, დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ ჩვენს მოქალაქეებს“, – დასძინა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის შემდეგ, დეტალებზე ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა და განმარტა, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების ვალს სრულად ფონდი „ქართუ“ დაფარავს. მისივე განმარტებით, ვალი იმ მოქალაქეებს გაუნულდებათ, რომელთა დავალიანებაც 1 წელზე მეტი ხანდაზმულობისაა და მისი მოცულობა 2 000 ლარს არ აღემატება.
იმავე შინაარსის ინიციატივაზე გუშინ ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის „უნდა მოხდეს ვალდებულების ჩამოწერა და ეს ადამიანები მყისიერად უნდა იყვნენ ამოღებული მოვალეთა შავი სიიდან“.
მანვე საქართველოს პარლამენტს ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავის სრული ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდა, ეროვნულ ბანკს კი იპოთეკური სესხის პროცენტის „ეტაპობრივად განახევრებაზე“ მუშაობისკენ მოუწოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)