Site icon Civil.ge

არასამთავრობოები ამომრჩეველთა უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობენ

ISFED-ის, GYLA-ს and TI-ის ლოგოები, ფოტო: gyla.ge

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პრემიერის მიერ 19 ნოემბერს გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერებათ, „ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად აფასებს, რომლითაც სამართალდამცველი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ“.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება „ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს“ და არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ „ამომრჩევლის გულის მოგებისკენ არის მიმართული“.

„სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

მათივე განმარტებით, მართალია, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ქართუ“ ჯგუფის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს, ეს ორგანიზაცია მასთან და მის ოჯახთან ასოცირდება. გარდა ამისა, „ფონდი „ქართუს“ თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო“.

„მსგავსი მასშტაბის და ოდენობის ფინანსური სესხის დაფარვაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება, ბუნებრივად ასოცირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წარმოებულ კამპანიასთან“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას „პოპულისტური და ვიწროდ პოლიტიკური“ გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, პროკურატურას კი, მოცემულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„სამართლიანმა არჩევნებმა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ცალკე განცხადებაც გაავრცელა, სადაც „ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების უპრეცედენტო ფორმებზეა“ საუბარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)