Civil.ge-მ კითხვებით მიმართა კოსოვო-სერბეთისა და კავკასიის თემატიკაზე მომუშავე მკვლევრებს. ერთი მხრივ, იმის გასარკვევად, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კავკასიასა და საქართველოზე სერბეთ-კოვოსოში საზღვრების შეცვლაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს; მეორე მხრივ კი გვაინტერესებს ადგილობრივთა თვალით დანახული პერსპექტივა, რა პოზიცია აქვთ რეგიონში მცხოვრებთ ამ საკითხზე, რას უქადის სერბებს, ალბანელებს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ტერიტორიების შესაძლო გაცვლა?
იხილეთ ჩვენი სტატია:
ბელგრადი-პრიშტინა, ტერიტორიები მშვიდობისათვის?
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაკიდებული სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ტერიტორიების გაცვლაზე ალაპარაკდნენ. ამ მოულოდნელ ცვლილებაში ზოგი ევროპის მიზიდულობის ძალას ხედავს, ზოგი რუსეთის მზაკვრობას, ზოგი კი ერთ დროს ნაციონალისტი ლიდერების მზარდ ცინიკურობას.
ჯორჯო ჩომაი (Giorgio Comai)
Think-tank-ის Osservatorio balcani e caucaso Transeuropa მკვლევარი
რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბალკანეთში საზღვრების ეთნიკურ ნიადაგზე შეცვლამ კავკასიაზე?
მოლაპარაკებები და შეთანხმებები ბალკანეთში, განსაკუთრებით თუკი მათ მხარს ევროკავშირი და სხვა გარეშე აქტორები უჭერენ მხარს, შესაძლოა იქცეს პრეცედენტად კავკასიაშიც, თუ, რა თქმა უნდა, იქნება ვინმე, ვინც მის პრეცედენტად ქცევას მოისურვებს. თუმცა, როგორი შეიძლება იყოს ეს პრეცედენტი? ჩემი აზრით, იმის მიუხედავადაც კი, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის მიწების გაცვლის საკითხის ხორცშესხმა ნაკლებ შესაძლებლად მიმაჩნია, , რაც ევროკავშირის წრეებში ასეთი დონის მხარდაჭერის არსებობა ამ მოლაპარაკებებისადმი, ცუდ პრეცენდენტს ქმნის. საზღვრებისა და ტერიტორიების გაცვლა იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებებისა და მისწრაფებების გათვალისწინების გარეშე, გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობის რეცეპტად ვერ ივარგებს. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მცდელობები [კონფლიქტის დარეგულირებისა] ფოკუსირდეს საზღვრის ორივე მხარეს ადამიანებისათვის უფლებების მინიჭებასა და ცხოვრებისათვის ღირსეული გარემო-პირობების შეთავაზებაზე. ასეთი მცდელობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეფუძნებოდეს იმ დაშვებას, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების მიღწევა მხოლოდ ეთნიკურად ჰომოგენურ სახელმწიფოებშია შესაძლებელი.
არბენ სეიდაი (Arben Sejdaj)
ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი, უმცირესობათა უფლებების ევროპული ცენტრი (ECMI)
როგორც ადამიანი, რომელსაც მრავალფეროვანი და მრავალ-ეთნიკური საზოგადოებების არსებობისა სწამს, მივიჩნევ, რომ ტერიტორიების გაცვლა იმ არგუმენტით, რომ ჩრდილოეთ კოსოვოს უმეტესობა ეთნიკური სერბები არიან და პრეშევოს ველისა – ალბანელები, მცდარია. ზოგიერთმა ამ პროცესს მშვიდობიანი გზით ეთნიკური წმენდაც კი უწოდა. დასავლეთ ბალკანეთი ძალზე შერეულია {ეთნიკურად}, რომ ამ მონოეთნიკური სახელმწიფოების იდეამ იმუშავოს. წარსული მაგალითები შეგვახსენებს, როგორ ძალადობრივად დამთავრდა მსგავსი მცდელობები და ასეთი რისკები დღესაც დგას. ამასთან, იგი გავლენას მოახდენს არამხოლოდ სერბეთსა და კოსოვოზე, არამედ მთელ რეგიონზე. იუგოსლავიის ომების ჭრილობები დღესაც არაა იმდენად მოშუშებული, რომ ასეთ პროვოკაციებს გაუძლოს.
რას უნდა ელოდონ კოსოვოს სერბები და ალბანელები და სერბეთის ალბანელები?
სერბები, მცხოვრებნი ჩრდილოეთ კოსოვოში, ნაკლებად არიან ინტეგრირებულნი კოსოვოს საზოგადოებასა და სისტემაში. მათ აქვთ პარალელური ინსტიტუტები განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების, სოციალური დაცვის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით. ამდენად, მათთვის ტერიტორიების გაცვლა ნიშნავს ამ მდგომარეობის სრულ განმტკიცებასა და სერბეთის სტრუქტურებთან სრულ შესისხლხორცებას, რაც იმედია, [თუკი მოხდა] ადამიანის უფლებათა დარღვევებს აღმოფხვრიდა. კოსოვოს ინსტიტუტები დისფუნქციურია და ხშირად, ადამიანებს ვერ აწვდის ადექვატურ მომსახურებას. რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობენ და მხოლოდ კოსოვოს მოქალაქეობა აქვთ, იძულებულნი გახდებიან სერბეთის მოქალაქეობა მიიღონ. მათ მოუწევთ რიგი პროცედურების გავლა სერბეთის მოქალაქეობის მისაღებად. ჩრდილოეთ კოსოვოს დაახლოებით 15%-ს ეთნიკურად არა-სერბები შეადგენენ, ძირითადად ეთნიკური ალბანელები და ბოშები. რთულია თქმა, რას გამოიწვევს ეს, სავარაუდოდ, მათ გადაადგილებას იბარის მდინარის სამხრეთით, ალბანური უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტებისაკენ.
რაც შეეხებათ სერბებს, რომლებიც კოსოვოს სამხრეთში სერბული უმრავლესობით დასახლებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, აქ სხვა ვითარება გვაქვს. ისინი უკეთ არიან კოსოვოში ინტეგრირებულნი და მათ კოსოვოს სისტემის ქვეშ მოქმედი ფუნქციური ადგილობრივი ადმინისტრაციები აქვთ, პარალელურად მოქმედ სერბულ ინსტიტუციებთან ერთად. შემოთავაზებული ტერიტორიული გაცვლით კი ისინი აღნიშნულ პარალელურ ინსტიტუტებს დაკარგავენ. ამასთან, მართლმადიდებლური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი სამხრეთ კოსოვოშია თავმოყრილი. სპეციალური დაცვის მექანიზმი და ავტონომია, რაც აჰტისაარის გეგმამ მოიტანა, გააგრძელებს მუშაობას თუ გადაეცემა ისინი კოსოვოს მთავრობას, ეს ცალკე შეკითხვაა.
რაც შეეხებათ ალბანელებს პრეშევოს ველზე, მათმა ლიდერებმა ინტერესი და ენთუზიაზმი კი გამოავლინეს ასეთი გაცვლის მიმართ, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისთან. ამდენად, სავარაუდოა, რომ გარკვეულ კორუფციულ გარიგებებთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე პრეშევოელი ალბანელების ლიდერთა გულის მოსაგებად, რომ მათ კოსოვოსთან შეერთების მზადყოფნა გამოხატონ.
რატომ ეწინააღმდეგებიან კოსოვოელი ალბანელები შესაძლო შეთანხმებას?
კოსოვოელ ალბანელებს არ სურთ ტერიტორიული გაცვლა, რადგანაც იგი არ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რომლებიც კოსოვოელებს უდგათ. ვგულისხმობ, ის ვერ შეამცირებს სიღარიბეს, კორუფციას და არ ექნება ეკონომიკური ბიძგის ეფექტი დასაქმებასთან, ჯანდაცვასთან თუ გაანთლებასთან მიმართებით. ეს მოლაპარაკება არ მოიტანს გარანტირებულ ადგილს გაეროში, არც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, თუკი მანამდე სხვა პრობლემები არ გადაწყდება. საზღვრების შესწორების თუ გაცვლით, ამასთან ერთად, კოსოვო დაკარგავს ტრეპცას მაღაროებს, რომლებიც ომამდელი კოსოვოს მშპ-ს 70%-ს გამოიმუშავებდა.
შეთანხმებას საზღვრების გაცვლაზე პარლამენტში კენჭისყრა დასჭირდება დასამტკიცებლად, სადაც იგი ეჭვგარეშეა, ჩავარდება. ვვარაუდობ, ასეთი სცენარის შემთხვევაში პრეზიდენტ ტაჩის რამე ხრიკი ექნება მოფიქრებული.
რას უქადის ადამიანის უფლებებს კოსოვოში აღნიშნული მოლაპარაკებები?
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ კოსოვო-სერბეთის ურთიერთობებზე დისკუსიაში ადამიანის უფლებების საკითხი ყურადღების ცენტრში აღარაა. სერბეთის მთავრობისათვის კოსოვოში მცხოვრები სერბები პოლიტიკურ თამაშში ვაჭრობის თემაა და მას გულწრფელად არ უდარდია კოსოვოელ სერბთა ყოფაზე, ვიდრე ამ მოლაპარაკებებზე საუბარი დაიწყებოდა. კოსოვოს მთავრობას კი 2016 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია 2016 წლის შემდეგ აღარ აქვს, მას მერე რაც ძველ სტრატეგიას ვადა გაუვიდა. ალბათ, ესეც თავის მხრივ მეტყველებს იმაზე, როგორი პრიორიტეტია ადამიანის უფლებები კოსოვოს მთავრობისათვის. ორი წელიწადია, რაც კოსოვოში ვმუშაობ ადამიანის უფლებებზე, კერძოდ უმცირესობათა უფლებებზე და შემიძლია ვთქვა, რომ უმცირესობათა თემებისა თუ სხვა მარგინალიზებული ჯგუფების მდგომარეობა ad hoc დისკუსიის საგანია ხოლმე და არა მდგრადი, გრძელვადიანი განხილვის თემა.