ქართულ პოლიტიკაში იდეოლოგიური შეხედულებების როლი ბუნდოვანია. ,,მიმწოდებლის” – მთავარი პოლიტიკური პარტიების პროგრამები ეკლექტურია. პარტიები ეთნიკური ნაციონალიზმით და პოპულიზმით ნასაზრდოები აზრებით უფრო კვებავს ამომრჩეველს, ვიდრე – საჯარო პოლიტიკის შესახებ რაიმე თანმიმდევრული იდეებით. ნაკლები ცოდნა გვაქვს მოსახლეობის იდეოლოგიურ შეხედულებებზეც, რადგან ამ საკითხის შესასწავლად განსხვავებული კონტექსტებისთვის შესაფერისი ინსტრუმენტები გამოიყენება, რაც ადგილობრივ რეალობას ნაკლებად ითვალისწინებს. მართალია, მოსახლეობის იდეოლოგიური შეხედულებების თანმიმდევრულობის ნაკლებობა საბჭოთა წარსულს ბრალდებოდა, თუმცა, როგორც ჩვენ (და არამხოლოდ ჩვენ) ვფიქრობთ, უფრო არასათანადო გაზომვას უნდა მივაწეროთ. წინამდებარე ტექსტში შევეცდებით, ჩვენი ერთ-ერთი უახლესი კვლევის საფუძველზე გამოვყოთ ის იდეოლოგიური წინაპირობები, რომლებიც, სავარაუდოდ, კავშირშია რიგ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებთან.
მოსახლეობის იდეოლოგიური, კერძოდ – კონსერვატიულ-ლიბერალური ორიენტაციის დადგენის მიზნით, რამდენიმე კითხვა შევადგინეთ, რომლებიც საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ჭრილში განიხილავდა. ამგვარი არჩევანი რამდენიმე მოსაზრებით იყო განპირობებული – ჯერ ერთი, პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენცია ნაკლებად მიმდინარეობს მემარჯვენე-მემარცხენე იდეოლოგიურ სპექტრში. ამასთან, როგორც ჩვენმა წინა კვლევებმა აჩვენა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ამ ასპექტში დიდი თანმიმდევრულობით არ გამოირჩევიან. კითხვების ფორმულირებისას მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის გამოყენებას რაც შეეხება, მოსახლეობის იდეოლოგიური განწყობის შესაფასებლად ასეთი მიდგომა საკმაოდ ეფექტურია. პირველ რიგში, იდეოლოგიის გაზომვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გამოყენებული კითხვები ისეთ საკითხებს ეხება, რომლებზეც ადამიანს არ უფიქრია, ან რომელთა შესახებაც მოსაზრების ჩამოყალიბება რთულია. ამ წინააღმდეგობის გადალახვის ერთ-ერთ საშუალებად კითხვების მშობლისა და შვილის ურთიერთობის კონტექსტში დასმა შეიძლება, განვიხილოთ. ვინაიდან ადამიანები მომდევნო თაობებს საკუთარ ღირებულებებსა და რწმენებს უფრო გააზრებულად გადასცემენ, მოსახლეობის მოსაზრებები შვილის აღზრდის (ავისა და კარგის) შესახებ უფრო ჩამოყალიბებულია.
შინაარსობრივად, კითხვები საქართველოში ჩატარებული ათობით სხვადასხვა კვლევით დადგენილ აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. რესპონდენტებს საშუალება ჰქონდათ, განათლების, რელიგიის, ოჯახის, ტრადიციებისა და კულტურული ნორმების შესახებ დასმული დებულებებისადმი საკუთარი დამოკიდებულება დაეფიქსირებინათ. კერძოდ, გამოკითხულებს არჩევანი ორ მოსაზრებას შორის უნდა გაეკეთებინათ, რომელთაგან ერთი უფრო მეტად გამოხატავდა ტრადიციების დაცვის, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მნიშვნელობას, ხოლო მეორე მოსაზრება კულტურული და სოციალური ნორმებისა და საზღვრების არააბსოლუტურ ხასიათს ასახავდა. სულ რესპონდენტებს ასეთი მოსაზრებების ექვსი წყვილი შევთავაზეთ.
ამ ექვს კითხვაზე გაცემული პასუხების სტატისტიკური ანალიზის შედეგად, ,,ქართული” კონსერვატიზმის ორი პირობითი განზომილება გამოვყავით. პირველი, კულტურული კონსერვატიზმი, ეროვნულ-კულტურული ნორმების დაცვის მნიშვნელობასთან ასოცირდება, ხოლო მეორე – სოციალური კონსერვატიზმი სოციალურ ნორმებს შეეხება. საქართველოს მოსახლეობაში სოციალურთან შედარებით, კულტურული კონსერვატიზმი უფრო მეტადაა გავრცელებული. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, უფრო ხანში შესულები არიან, ცხოვრობენ მცირე ქალაქებსა და სოფლებში. სოციალური კონსერვატიზმი მოსახლეობაში უფრო ნაკლებად გვხვდება და უფრო ხნიერ ადამიანებს, მამაკაცებს, სოფლის მოსახლეობასა და ეთნიკურ უმცირესობებს ახასიათებთ.
თუკი პოლიტიკური, კულტურული და სოციალური საკითხების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებებს კონსერვატიზმის ჩვენეული შეფასების ჭრილში შევხედავთ, ვნახავთ, რომ შედეგები ასეთი იდეოლოგიის ადამიანებისგან მოსალოდნელ განწყობებთან მჭიდრო კავშირშია. კულტურული და სოციალური კონსერვატორები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილების პრინციპს ნაკლებად ემხრობიან – მსგავსი განწყობის ზრდასთან ერთად მატულობს იმის ალბათობა, რომ რესპონდენტისთვის მისაღები იქნება ერთი პარტიის მიერ პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის კონტროლი. კონსერვატორები ნაკლებად თვლიან, რომ უმცირესობების დაცვის საკითხები მნიშვნელოვანი არაა, იხრებიან იმ მოსაზრებისკენ, რომ მიწას საქართველოში მხოლოდ ქვეყნის მოქალაქე უნდა ფლობდეს და ნარკოტიკების მომხმარებლების პატიმრობით დასჯასაც ამართლებენ.
,,ქართული’’ კონსერვატიზმის აღწერილი ორი ფორმა ერთმანეთის მსგავს განწყობებთანაა კავშირში, თუმცა, რიგ შემთხვევაში, კულტურული და სოციალური კონსერვატორების აზრები იყოფა. ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, საგარეო-პოლიტიკური დამოკიდებულებებია – სოციალურ-კონსერვატიული შეხედულებების ზრდასთან ერთად მცირდება იმის ალბათობა, რომ რესპონდენტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მიემხრობა. მეორეს მხრივ, კულტურული კონსერვატიული შეხედულებების გაძლიერება სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვის მნიშვნელოვნების შემცირებას უკავშირდება. მოსაზრებები განსხვავდება საპენსიო რეფორმის სქემებთან დაკავშირებითაც – კულტურული კონსერვატორები უპირატესობას დაგროვების ნებაყოფლობით ფორმას ანიჭებენ, ხოლო სოციალური კონსერვატორებისთვის უფრო მისაღები სავალდებულო გადახდის სქემაა.
რა კავშირშია ქართულ რეალობაში იდეოლოგია და პარტიული სისტემები? მონაცემთა ანალიზს კონსერვატიზმსა და პარტიებისადმი მხარდაჭერას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ გამოუვლენია. ეს, ერთი შეხედვით ნაკლებად ლოგიკური, დასკვნა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის თავისებურებების გათვალისწინებით, სრულიად მოსალოდნელია: პარტიები თითქმის არასდროს მიყვებიან იდეოლოგიურ შეხედულებებს, ხოლო ხმის მიცემისას, მოსახლეობის არჩევანზე სულ სხვა ფაქტორები (მემკვიდრეობა, პირადი სოციალური ქსელები, ადგილობრივი ელიტებისადმი ლოიალობა, საარჩევნო დაპირებები, მიმდინარე მოვლენები) ახდენენ გავლენას. შესაბამისად, კავშირი პარტიისადმი სიმპათიებსა და იდეოლოგიურ მოსაზრებებს შორის მოსალოდნელი არც უნდა იყოს.
ყველაფრის მიუხედავად, უკვე არსებობს მთელი რიგი ისეთი ზოგადი საკითხები, რომლის ირგვლივაც საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული შეხედულებები აქვს. ზედაპირზე, ეს დამოკიდებულებები უფრო კულტურულ მარკერებს შეეხება, ვიდრე – პოლიტიკას ან ეკონომიკის ორგანიზებას. თუმცა, სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ ასეთი კულტურული კონსერვატიზმი პოლიტიკურ განწყობებს საკმაოდ კარგად წინასწარმეტყველებს.