Site icon Civil.ge

საქართველო-ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბრიუსელში ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა გამართეს

ევროკავშირი-საქართველოს უმაღლესი დონის შეხვედრა, 21 ნოემბერი, 2018, ფოტო: European Commission Audiovisual Service

საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით და ევროკომისრებმა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით 21 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ახალი ფორმატის უმაღლესი დონის პირველ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების რიგი საკითხების განხილვის შემდეგ, ევროკომისია და საქართველოს მთავრობა 25-ზე მეტი კონკრეტული ნაბიჯის,მეშვეობით თანამშრომლობის „შემდგომ გაძლიერებასა და გაფართოებაზე“ შეთანხმდნენ .

დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, პრეზიდენტმა იუნკერმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირისთვის „ეს დიდი დღეა“ და რომ ორივე მხარე პარტნიორობას „დიდ მნიშვნელობას“ ანიჭებს. მისი თქმით, მათი ბედი უკვე დიდი ხანია ურთიერთდაკავშირებულია და რომ საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში ინტეგრაციის გაღრმავებისთვის „მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“. „რაც უფრო მეტ რეფორმას განახორციელებს ქვეყანა, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ჩვენგან“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ ევროკომისრებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, „რაც საქართველოს მხარდაჭერის და მასთან უფრო მჭიდრო ჩართულობის ძლიერი გზავნილია“. მისი თქმით, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ეს „გამორჩეული ფორმატი“ კონკრეტულ შედეგებს მოიტანს და საქართველოს „ჩვენს სამეზობლოში ევროპული ინტეგრაციის წარმატებულ მაგალითად წარმოაჩენს“.

„რეალურად, ევროპული ინტეგრაცია საქართველოს განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. ამის მიზეზი კი საქართველოს არჩევანია, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს“, – განაცხადა ბახტაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის „ერთგულება ამ კურსის მიმართ ისევე ძლიერია, როგორც ადრე“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიასთან მოლაპარაკებები თანამშრომლობის სპეციალური ფორმატის ჩამოყალიბების თაობაზე 2018 წლის დასაწყისში დაიწყო და რომ ეს იქნება პლატფორმა იმისთვის, რომ ევროპელ პარტიორებთან „განვიხილოთ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველოს წარმატება ევროპულ გზაზე უფრო ხელშესახებად“.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს შეხვედრა „მნიშვნელოვნად გააფართოვებს“ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორებში და უფრო ფუნქციური კავშირების განვითარებას შეუწყობს ხელს. „ის დაგვეხმარება, რომ ეტაპობრივად ევროკავშირთან დაახლოების მაქსიმალურად შესაძლო დონეს მივაღწიოთ. ზუსტად ეს არის ჩვენი ინიციატივის იდეა, რომ ევროკავშირისკენ საგზაო რუკა შევიმუშავოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მხარეებმა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც მიმოიხილეს და მიესალმნენ ქვეყნის მზადყოფნას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის „განვითარების პროცესი რუსული პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც დღითიდღე უფრო ინტენსიური ხდება“.

ბრიუსელში მამუკა ბახტაძე ასევე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)