„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილი განაცხადებით, დაყადაღებული კომპანიის ამუშავებისა და საბიუჯეტო დავალიანების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, ქართული ოცნება მას პირდაპირ ეთერში მმართველის გუნდის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების საჯარო უარყოფას სთხოვდა. ამის შესახებ მან 21 ნოემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ისაუბრა.
ზაზა ოქუაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ მასთან მოლაპარაკებები არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელებსა და მმართველი გუნდს შორის კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული 55 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანების რესტრუქტურიზაციისა და 11 მილიონამდე ლარის ჩამოწევის შესახებ სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რომელსაც 6 ადამიანი ესწრებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში იყო ბრიტანეთის საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტროც.
გარდა ამისა, ზაზა ოქუაშვილის განმარტებით, 26 ოქტომბერს ბანკმა „ქართუმ“ მის კომპანიას ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, 8 მილიონ ლარიანი სესხიც გამოუყო. მისივე თქმით, გაჩნდა განცდა, რომ „სახელმწიფომ ბოლოს და ბოლოს დაანება ფეოდალიზმს თავი, რეკეტს და კრიმინალს და დადგა სწორ გზაზე“.
„მიუხედავად მათგან გავრცელებული დეზინფორმაციისა, ჩვენ ვიცავთ ყველა კლიენტის, მათ შორის „ომეგა“ ჯგუფის კონფიდენციალურობას და არ ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ“, – ნათქვამია „ქართუს“ მიერ 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ“, – აცხადებენ ბანკში.
თუმცა, ბიზნესმენის განმარტებით, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მას შემოთავაზების სანაცვლოდ, 27 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით წინასწარ მომზადებული განცხადება უნდა გაეკეთებინა, სადაც ის ქართული ოცნების მისამართით გაჟღერებულ ყველა ბრალდებას უარყოფდა და იტყოდა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარის ნაწილი იყო.
ამავე ტექსტის მიხედვით, ზაზა ოქუაშვილი იტყოდა, რომ ის „სახელმწიფო გადატრიალების სცენარში“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ დადგმულ ფაბრიკაციებში“ მონაწილეობის მიღებას აღარ გააგრძელებდა.
ზაზა ოქუაშვილის თქმით, შეთანხების მიხედვით, „ომეგა ჯგუფისთვის“ ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელს სწორედ მისი საჯარო განცხადების შემდეგ მოაწერდა.
ბიზნესმენის განმარტებით, მან შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა და ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ „არ უნდა ჰქონდეს არცერთ კრიმინალს, ფეოდალს და ლიდერს ქვეყნისას თუ პარტიისას, იმის ამბიცია, რომ ბიუჯეტის თანხით ივაჭროს და ივაჭროს მშრომელი ხალხის სამუშაოთი მის დამფუძნებელთან“.
„ომეგა ჯგუფმა“ მუშაობა მიმდინარე წლის ივლისში, შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის ქონებაზე და ანგარიშებზე ყადაღისა და ინკასოს დადების შემდეგ შეაჩერა. უწყებაში ამის მიზეზად სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე „ომეგა ჯგუფის“ ფინანსური დავალიანება დასახელდა.
კომპანიის მიერ საქმიანობის შეჩერებიდან მალევე ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები, რომლის მთავარი დამფინანსებელი სწორედ „ომეგა ჯგუფია“, ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არხის მთავარი დამფინანსებელი კომპანიისთვის ფინანსური პრობლემების შექმნით, ხელისუფლება კრიტიკულ მედიაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
ტელეკომპანიის თანამშრომლების პროტესტს მალევე, მედიაში ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელება მოჰყვა. ჩანაწერებში „ომეგა ჯგუფის“ ერთ–ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს ბიზნესის რეკეტსა და თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდა. ტელეკომპანია იბერიამ მაუწყებლობა 17 ოქტომბერს შეაჩერა და მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. არხს მაუწყებლობა ამ დრომდე არ განუახლებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)