სააპელაციო სასამართლომ წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა. შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, რის საფუძველზეც „მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა“.
„ახალი გამოძიებით გამოირიცხა ფოტოგრაფების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი… თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლადგამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული ფოტოგრაფები სრულად გაამართლა“, – ნათქვამია პროკურატურის 22 ნოემბრის განცხადებაში.
2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით ევროპის პრესფოტოსააგენტო ,,ეპა“-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათია გედენიძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ნათია გედენიძე ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს.
მოგვიანებით, საქმის მასალებს გრიფით საიდუმლოს სტატუსი მიენიჭა, იმ მოტივით, რომ ის ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავდა.
თხუთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ, 2011 წლის 22 ივლისს დაკავებული სამი ფოტოგრაფი დამნაშავეებად ცნეს და საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლდნენ.
2017 წლის 20 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფოტოგრაფების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის ორ პირს, შს სამინისტროს კონტრდაზვერვის, თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილეს დავით დევნოზაშვილს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით. ორივე პირს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
პროკურატურის ინფორმაციით, დავით დევნოზაშვილი, ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის შედეგად, ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ, ფოტოგრაფებისგან წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებების მიღებას ცდილობდა, რაშიც დახმარებას საპყრობილის დირექტორიც უწევდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)