საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დროს, საპრეზიდენტო კანდიდატებს მიმართა და აღნიშნა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც“.
„ბედნიერები ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წმინდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი კანდიდატები პრეზიდენტის – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც, მაგრამ მე მინდა გისურვოთ, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ის არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული და წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
დღეს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვა-ლოცვას მინისტრებთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად საპრეზიდენტო კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძეც იმყოფებოდნენ. ქადაგების დასრულების შემდეგ, პატრიარქმა მათ წმინდა გიორგის ხატები გადასცა.
წირვის დასრულების შემდეგ, მედიასთან ოპოზიციური გაერთიანების ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა. მან „ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს“ გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს პოლიტიკა, მითუმეტეს საქართველოში, რომელიც ქრისტიანულ ფასეულობებზე არ იყოს დაფუძნებული“.
მოსახლეობას გიორგობა Facebook-ის საშუალებით მიულოცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც. „მინდა, გიორგობა მივულოცო სრულიად საქართველოს! ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრწყინვალე დღესასწაულია! ეს არის სიმბოლო იმისი, როცა ბოროტსა სძლია კეთილმან!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღესვე სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. „დღეს, ჩვენი სამხედრო ძალები იცავენ საქართველოს სახელს და ღირსებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. ჩვენს ჯარისკაცებს შეაქვთ უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო ტერორზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში“.
საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ „სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად“ ვერავინ შეძლო „ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა“. „მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)