(გაზეთი „ერთობა“, N252, 21 ნოემბერი, 1918)
საქართველოს ს.-დ. პარტიის დაარსების გამო
ამიერ-კავკასიის სოც.-დემოკრატიულ ორგანიზაციების მერვე ყრილობამ განიხილა დღიურ წეს-რიგში დასმული საკითხები და დაიშალა. სამწუხაროთ, ეს ყრილობა უკანასკნელი ყრილობა იყო: მან საბოლოვოთ სცნო ფაქტი ამიერკავკასიის დანაწილებისა და პარტიულ ორგანიზაციის შენებაც ამ გარემოებას შეუფარდა.
ამ რიგათ, მერვე ყრილობამ დაადასტურა ამიერ-კავკასიის სამს რესპუბლიკაში სამი პარტიის დაარსების საჭიროება და მისი დადგენილების თანახმათ, 19 ნოემბერს, უკვე შესდგა საქართველოს რესპუბლიკის სოც.-დემოკრატიულ ორგანიზაციების დამფუძნებელი კრება. ამ უკანასკნელმა კი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტი აირჩია და დამოუკიდებლათ მუშაობას შეუდგა.
ეს გარემოება დიდს მითქმა-მოთქმას იწვევს ზოგიერთ წრეებში: აშკარათ ამბობენ ქართველი სოციალდემოკრატები ნაციონალიზმისკენ იხრებიანო.
რაში ხედავენ ეს პირები ჩვენი ორგანიზაციების განაციონალისტებას? მოვისმინოთ მათი საბუთები.
უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოსაზრება, რომელიც მათ მოჰყავთ ის არის, რომ ერთი სოციალდემოკრატიული პარტია ამიერ-კავკასიის საზღვრებში ძლიერი ძალა იქნებოდა ერთა სოლიდარობის განმტკიცების საქმეში და ცალკე პარტიების დაარსება ამ ძალას დააქუცმაცებს და ნაციონალისტებს გააძლიერებსო.
ეს მოსაზრება დღევანდელ კონკრეტიულ პირობებში ჩვენ უსაფუძვლოთ მიგვაჩნია.
ჩვენ მუდამ მომხრე ვიყავით იმისა, რომ რუსეთში ყოფილიყო ერთი სოციალდემოკრატიული პარტია, ხოლო როცა რუსეთი დაიშალა და ამიერკავკასია ცალკე მოეწყო – ჩვენ ერთს მთლიანს ამიერ კავკასიის ორგანიზაციას ვიცავდით.
მაგრამ ეს იყო მაშინ. დღეს პირობები შეიცვალა. ამ ჟამათ ჩვენ საქმე გვაქვს არა მთლიან ამიერ-კავკასიასთან, არამედ სამს დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან. როგორიც არ უნდა იყოს ზოგიერთი ჩვენი ამხანაგების დამოკიდებულება ამ ცალკე რესპუბლიკების არსებობის საკითხთან, ისინი ვერ იტყვიან, რომ მარქსიზმის და სოციალიზმის თვალსაზრისით დასაშვებია ბრძოლა ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. და რაკი ამ საკითხს ასე გადავსჭრით, რაკი ვაღიარებთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლათ არსებობა უკვე მომხდარი ფაქტია, ჩვენ გვერდს ვერ ავუხვევთ ცალკე პარტიის დაარსებას. რაც შეეხება ერთა სოლიდარობის საქმეს, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სამ რესპუბლიკაში სამი პარტიის არსებობა ოდნავათაც ვერ შეუშლის ხელს ამ საქმეს; პირიქით, თუ თითეულ რესპუბლიკის საზღვრებში ჩვენი ამხანაგები შესძლებენ ცალკე პარტიის დაარსებას და მშრომელი მასსის შეკავშირებას, ეს საუკეთესო ნიადაგი იქნება ამიერ-კავკასიის ერთა შორის ძმურ დამოკიდებულების განმტკიცებისათვის. მართლაც თუ დღეს საფრთხეშია მშვიდობიანობის და ეროვნებათა კავშირის საქმე ამიერ კავკასიაში, ამის მიზეზია ის, რომ სომხეთში და ადერბეიჯანში სუსტია სოციალ დემოკრატია და ხალხი დაშნაკელების და მუსავატის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამ მხრით საქმეს სრულებით ვერ უშველის ერთი სოციალდემოკრატიული პარტია. პირიქით, ის ხელის შემშლელიც იქნება სამივე რესპუბლიკის დემოკრატიის შეკავშირების საქმეში, რადგან ვერ წარმოგვიდგენია, როგორ უნდა განახორციელოს პრაქტიკულათ თავისი მოღვაწეობა სოციალდემოკრატიამ სამს რესპუბლიკაში, როცა თითეულ ამათგანში სხვადასხვაგვარი წყობილებაა.
ეს კონკრეტული კითხვა არ არის იმდენათ ადვილი გადასაწყვეტი, რომ საჭირო არ იყოს ამაზე პასუხის გაცემა. და სანამ ნაციონალისტობაში დაგვდებდნენ ბრალს ჩვენი პროტესტანტი – ამხანაგები, უმჯობესი იქნებოდა ეთქვათ მათ: თუ როგორ შეიძლება ერთმა სოციალდემოკრატიამ აწარმოვოს მუშაობა სამს სხვადასხვა პოლიტიკურ წყობილების სახელმწიფოში?
ხოლო თუ მათი წინადადება, რომ ამიერ-კავკასიაში ერთი სოციალდემოკრატიული პარტია დარჩეს – უბრალო დეკლარაციაა, მათ ესეც უნდა გვითხრან და მაშინ გვეცოდინება, რომ აღნიშული ამხანაგები დეკლარაციებს გვაჩეჩებენ იქ, სადაც საჭიროა ცოცხალი საქმე.