Site icon Civil.ge

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა

Early voting in Afghanistan during the first round of Presidential elections, November 26, 2018. Photo: mod.gov.ge

ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა 26 ნოემბერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღეს მონაწილეობა.

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებისთვის ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს. II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე” გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა არჩევნებში მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღო.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ Civil.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ ავღანეთის ორივე სამხედრო ბაზაზე სულ 896 ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაციის 22 წევრი. აქედან 752-მა ამომრჩეველმა ხმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მისცა, 144-მა კი, მაზარ-ი-შარიფში.

ანა მიქელაძის განმარტებით, ავღანეთში მიცემული ხმებს საქართველოში, 28 ნოემბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაითვლიან.

ქართველი სამხედროებისთვის არჩევნებში რამდენიმე დღით ადრე მონაწილეობა ჩვეული პრაქტიკაა, ასე იყო წინა რამდენიმე არჩევნების დროსაც, მათ შორის, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)