Site icon Civil.ge

ქართული ოცნების ყოფილი პრემიერ-მინისტრები ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, 2014 წლის 13 ოქტომბერი, ფოტო: economy.ge

ქართული ოცნების ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა მმართველის გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მთავრობას 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა, Facebook-ზე პოსტი 26 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, ხოლო გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე ეკავა, Facebook-ზე პოსტი 7 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ქვემოთ მოცემულია მათი განცხადებების სრული ტექსტები: 

ირაკლი ღარიბაშვილი: „სამი წელი გავიდა, მას შემდეგ რაც აღარ ვმონაწილეობ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ისევე როგორც თქვენ, მეც მთელი გულით და გონებით ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე ვფიქრობ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ჩვენგან დამოუკიდებლად, იმისდა მიუხედავად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველას გვეხება, აქტიურ პოლიტიკაში ჩართულებს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს. გულწრფელად მაღელვებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ამიტომ, გადავწყვიტე საჯაროდ მოგმართოთ:

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა სააკაშვილის მოძალადე, ანტიეროვნულ რეჟიმს. მაშინ მთელი ერი გაერთიანდა სააკაშვილის უსამართლო, მჩაგვრელი და მოძალადე ხელისუფლების შესაცვლელად. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, თუმცა ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დრო ახლა არ არის. ყველა ის ბინძური რიტორიკა და დეზინფორმაციული პროპაგანდა რაც მათგან მომდინარეობს, ყველაზე უკეთ სწორედ მათ მიესადაგებათ: დაწყებული სახელმწიფოს ღალატით, დამთავრებული ოკუპანტი ქვეყნისთვის უამრავი სტრატეგიული ობიექტების გადაცემით თუ ტერიტორიების დაკარგვით, ტერორისტებთან თანამშრომლობით თუ კრიმინალებთან გარიგებით, უდანაშაულო ადამიანების წამებით და დახოცვით, ხალხის გაღარიბებით და მჩაგვრელი საბანკო სისტემის შექმნით, ბიზნესის დატერორებით და ადამიანების ქონებების წართმევით, ასიათასობით მოქალაქეების გასამართლებით და მათი ცხოვრების დანგრევით, ქვეყანაში უსამართლობისა და უთანასწორობის დამკვიდრებით. ჩვენ კარგად გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი და მის მიერ ჩვენი გმირი სამხედროებისა და გმირი პოლიციელების მიტოვება შუა ომში, გვახსოვს ხალხის წინაშე ჩადენილი მისი ყველა დანაშაული. სხვათაშორის, ეს ყველაფერი არცთუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი მძიმე მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს, აღარ უნდა ქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“.

გიორგი კვირიკაშვილი: „მხარს ვუჭერ იმ ფასეულობებს, რომლისაც მწამდა და მჯეროდა მთელი ჩემი შეგენებული ცხოვრება, რომლის სიმაღლეც ჩვენი ქვეყნის ისტორიამ გვასწავლა, რომლის მაგალითიც ჩემმა მშობლებმა და წინაპრებმა მომცეს, მასწავლეს ჩემმა მეგობრებმა, ასევე ჩვენი ერის გამორჩეულმა მოღვაწეებმა, მათ შორის, თანამედროვეობის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, ხანდახან კი, ყველასთვის უცნობმა ადამიანებმაც ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში, ფასეულობებს, რომლებიც ძვირფასი იყო ყოველთვის, მათ შორის 2007 წლის შემოდგომაზე, 2011 წლის შემოდგომაზე, და რომელსაც ქართველი ხალხის უდიდესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი 2012-ში და შემდგომ 2016-ში. მთელი ეს პერიოდი სიჩუმე ვარჩიე, და არც ახლა ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობას; და არა იმიტომ, რომ არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემს სათქმელში ბევრია საამაყოც და, რა თქმა უნდა, სასინანულოც. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

და ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებითაც, ფასეულობები გადასარჩენია, გადასარჩენია ახლა, ამ მომენტში, და გადასარჩენია მუდმივად. და ეს დაუსრულებელი ძალისხმევა არ დაიღლება ჩვენს ერში, და არ დაიღლება ჩემშიც, სანამ სული მიდგას“.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ხმების 50 %-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა მოიპოვა. ორმა მთავარმა კონკურენტმა – სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ხმების 38.64 % და 37.74 % მიიღეს. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)