Site icon Civil.ge

აუდიტი არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის მიხედვით, არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მეორე ტურში გადასულმა ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ჯამში 3 489 303 ლარის შემოწირულება მიიღეს.

საანგარიშო პერიოდში, შემოწირულების ჯამური რაოდენობის 84.96 % – 2 964 704 ლარი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 15.03 % – 524 599 ლარი კი, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში (1 აგვისტო – 28 ოქტომბერი) შემოწირულება სულ 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო და შემოწირულების ჯამურმა მოცულობამ 7 228 791 ლარი შეადგინა. შემოწირულების 74.64 % – 5 395 983 ლარი ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 9.94 % – 718 767 ლარი.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მთლიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში (1 აგვისტო – 19 ნოემბერი), საპრეზიდენტო არჩევნების ორმა ლიდერმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ შემოწირულების სახით ჯამში 9 604 053 ლარი მიიღეს, აქედან თანხის 87.05 % – 8 360 687 ლარი ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს შესწირეს, 12.95 % – 1 243 366 ლარი კი, ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს.

შემოწირულებების დასაბუთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, მაკონტროლებელმა უწყებამ შემოწირულების შესწავლის პროცესში, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია 576 ფიზიკურ პირზე გამოითხოვა და შემოსავლების დასაბუთების მიზნით, გასაუბრებაზე 31 პირი დაიბარა, 11 კი გამოკითხა. უწყებისავე განმარტებით, თანხის წარმომავლობის დაუსაბუთებლობის გამო, სამსახურმა აკრძალულ შემოწირულებად 2 შემთხვევა მიიჩნია. კერძოდ, ნაციონალური მოძრაობისთვის (10 000 ლარი) და ევროპული საქართველოსთვის (2 000) შეწირული თანხები.

სამსახურის განცხადებით, შემწირველი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის (შეწირული თანხის ორმაგი ოდენობა) დაკისრების შესახებ მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტები თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გადაგზავნილია.

აუდიტის სამსახურის განმარტებით, უწყებამ ჩაჩავასა და ღუდუშაურის კლინიკების თანამშრომლების მიერ ოქტომბრის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულების საკითხიც შეისწავლა და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად, გასაუბრებაზე 4 პირი მიიწვია, მათგან ორმა შემოსავლების დასაბუთება შეძლო, ხოლო ორი პირის გასაუბრებაზე მოწვევა ალტერნატიული მისამართის გამოყენებით იგეგმება.

უწყების განმარტებით, ინფორმაციის წარმოუდგენლობის ან/და არასწორად წარმოდგენის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პარტია თავისუფალი საქართველოს და დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი ანდრიაძის მიმართ შედგა. პირველ მათგანს, სავარაუდოდ, 2 000, ხოლო მეორეს 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

საჩივრები

მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში, უწყებაში ადმინისტრაციული საქმის წარმოება 11 საქმეზე დაიწყო, აქედან, 4 საქმეზე წარმოება დასრულებულია, საიდანაც 1-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმია შედგენილი. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე, პატრიოტთა ალიანსის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 15 295 ლარის ღირებულების სააგიტაციო ბროშურების ბეჭდვა, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის აკრძალულ შემოწირულებად ჩაითვალა. აუდიტის სამსახურის განმარტებით, ორმაგი ჯარიმის დაკისრების მიზნით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქალაქო სასამართლოში უკვე გადაიგზავნა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 7 საჩივართან დაკავშირებით უწყებაში დამატებითი ინფორმაციის მოძიება მიმდინარებს, მათ შორისაა:

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ხვალ, 28 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

This post is also available in: Русский (რუსული)