საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმაც დააფიქსირეს. საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდნენ საქართველო მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ქვემოთ მოცემულია მათ მიერ მედიისთვის გაკეთებული კომენტარები:
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი: „მე მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს თავისი არჩევანი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. მადლობა ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა გაგრძელდება მომავალი, დღის განმავლობაში, რაც გარანტიაა იმის, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, იქნება ნაკლები დარღვევები“.
მამუკა ბახტაძე – პრემიერ-მინისტრი: „დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ, ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, მივიდეთ უბნებზე და მაქსიმალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, პოზიცია, რომელიც ინტერესებშია საქართველოს განვითარებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი – არის ორი პოლიტიკური ძალა, იქითა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებები მოგეხსენებათ არის აგრესია, სიძულვილი სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ გაუჭირდება დღეს არჩევანის გაკეთება და მინდა მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. მოგეხსენებათ პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი არჩევნებში. თუ იქნება მაღალი აქტიურობა ამ შემთხვევაში პასუხიც იქნება მაქსიმალური“.
კახა კალაძე – თბილისის მერი: „მე გავაკეთე დღეს ჩემი პრინციპული არჩევანი, მე ხმა მივეცი ბოროტების წინააღმდეგ, ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვჭირდება, ეს არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა ადამიანების, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, ჩვენ პირიქით უნდა გავაერთიანოთ საქართველო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიცოცხლით სავსე ქვეყანაში იცხოვროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“.
ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „არჩევანი გავაკეთე, რა თქმა უნდა, ღირსების, სამართლიანობის და განვითარებისთვის, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ სიცრუეს, ძალადობას და არ მოვახერხოთ, რომ დავბრუნდეთ უკან. ის წლები კარგად გახსოვთ თქვენ, როდესაც ძალა რომელიც დღეს წარმოადგენს ოპონენტს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, მათი ხელწერა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, კარგად ვიცით და კარგად იგრძნობა, ალბათ, თქვენც კარგად ხედავთ. მოსახლეობის მობილიზებას, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ ძალადობას და სიცრუეს. მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ექსცესების, [მათი მხრიდან] ვისი ხელწერაც არის, ვინც დააფუძნა მსგავსი ექსცესები, მაგრამ მობილიზებაც მეორე მხრიდანაც არის საკმარისზე მეტი და ნახეთ თქვენც, რომ პიარსა და სიცრუეს მეორე ტურში ღირსეულად უპასუხა ქართულმა ოცნებამ. ასევე მოხდება დღესაც. მცდელობები იქნება ძალიან დიდი. მობილიზება მოსახლეობის არის ძალიან კარგი, დამკვირვებლებიც კარგად გაერკვნენ ჩემი აზრით, სამეგობროც კარგად არის მობილიზებული, ელჩები მყავს მხედველობაში, არასამთავრობოებიც. მგონი, საბოლოო ჯამში, სწორ განწყობაზე დგანან და ობიექტურად შეფასდება დღევანდელი არჩევნები. ძალიან დიდი სურვილია იმის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ფურცელი ჩავწეროთ ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომ ჩვენ ვართ განათლებული და ღირსეული ერი, ჩვენ ვართ კულტურული ერი და პასუხი გავცეთ და ვამხილოთ ის უკულტურობა, რასაც ჩვენი ოპონენტები ჩადიან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)