ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ეგზიტპოლი Edison Research-მა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, ამომრჩევლის ხმების 55 % მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო, ხოლო 45 % კი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მონაცემები 5 საათის მდგომარეობით არსებულ სურათს ასახავს და ცდომილების ზღვარი +/- 3 %-ია.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია Gallup International-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით კი, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხმების 58 % მიიღო, ძალა ერთობაშიას კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 42 %. ეგზიტპოლი 6 საათის მდგომარეობით არსებულ მონაცემს ეყრდნობა. შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 2 %-ია.
თუკი ეგზიტპოლის შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვევა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდება, რომელიც ამ პოსტზე მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეცვლის.
ეგზიტპოლის შედეგებს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და ამომრჩეველს „ასეთი გრძნობადობისთვის“ მადლობა გადაუხადა. „დანარჩენი, ალბათ, ჩემზეა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში“, – აღნიშნა მან.
„თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა და დასძინა: „გუნდთან ერთად შევეცდებით და აუცილებლად ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ და ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში, ჩვენს ევროპაში“.
თავად პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მედიასთან ჯერ არ გამოჩენილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)