საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი უპირატესობით მოიგო.
3 705 უბნის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილმა 1 147 627 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59.52%-ია. მის მეტოქეს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი, მხარი 780 633-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ხმების საერთო რაოდენობის 40.48 %-ია.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, ზურაბიშვილმა 615 572 ხმა (38.64 %), ხოლო ვაშაძემ 601 224 ხმა (37.74 %) მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებული შემაჯამებელი ოქმების თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები საქართველოს თითქმის ყველა ოლქში მოიგო, მათ შორის, თბილისის ათივე ოლქში.
ყველაზე მეტი ხმა ზურაბიშვილმა საჩხერეში მიიღო – 91.78 % (24 810 ხმა), შემდეგ მოდის ყაზბეგის, ლენტეხის და მესტიის ოლქები ხმების 79.34 %-ით (1 986 ხმა), 77.08 %-ით (2 247) და 76.55 %-ით (3 854).
საქართველოს მასშტაბით, ზურაბიშვილმა მხოლოდ ორ ოლქში – თელავსა და რუსთავში წააგო, სადაც მან, ხმების 48.81 % (15 868) და 48.49 % (26 689) მიიღო. ვაშაძემ ეს ორი ოლქი ხმების 51.19 %-ით (16 644) და 51.51 %-ით (28 349) მოიგო.
რაც შეეხება საზღვარგარეთ განთავსებულ უბნებს, ოპოზიციის კანდიდატმა ხმების 64.24 % (6 135), მისმა კონკურენტმა კი – ხმების 35.76 % (3 415) მოიპოვა. ამაში ასევე შედის ავღანეთში ქართველი სამხედროებისთვის გახსნილი ორი უბანი, სადაც ვაშაძემ 452 ხმა, ზურაბიშვილმა კი – 362 ხმა მიიღო.
მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ 15 000-ზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. მათთვის 40 ქვეყანაში 57 საარჩევნო საარჩევნო უბანი გაიხსნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)