„28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად წარემართათ წინასაარჩევნო კამპანია, თუმცა ერთი მხარე საფუძველს მოკლებული უპირატესობით სარგებლობდა და ორივე მხარის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის უარყოფითი ხასიათი საფრთხის ქვეშ აყენებდა ზოგადად მთელ საარჩევნო პროცესს“, – ნათქვამია ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარ შეფასებაში. .
ერთობლივი განცხადება ოთხი სადამკვირვებლო ორგანიზაციის, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის მიერ ერთობლივი სადამკვირვებლო საქმიანობის შედეგია.
საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, არჩევნების მეორე ტურის ძირითადი ასპექტების მარეგულირებელი კანონმდებლობის არარსებობამ (მეორე ტური საქართველოში პირველად ჩატარდა) არ უზრუნველყო სამართლებრივი სიცხადე.
ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია „დააზარალა ხისტმა რიტორიკამ“, რასად არ მოჰყვა ხელისუფლების რეაგირება. ანგარიშის თანახმად, კამპანიის მიმდინარეობისას დაფიქსირდა „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები და გაკეთდა განცხადება რამდენიმე სოციალური თუ ფინანსური პროგრამის დაწყების შესახებ“.„აღნიშნული შემთხვევები და სახელისუფლებო პარტიის მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ, კიდევ უფრო წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის“, – ნათქვამია შეფასებაში.
საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ კენჭისყრის დღე „პროცედურების დაცვით, მაგრამ დაძაბულ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა“. „კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციალი და შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო, ამომრჩევლები ვერ შეძლებენ საკუთარი ხმის თავისუფლად დაფიქსირებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებებისა (OSCE) და ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებით“, – ნათქვამია შეფასებაში.
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა „საყოველთაოდ გავრცელებული ძალზედ აგრესიული და ძალადრობრივი რიტორიკა, რომელიც ისმის სატელევიზიო გადაცემებში, სოციალურ ქსელებსა და დემონსტრაციების დროს და ასევე პარტიის მაღალჩინოსანი წევრებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებულ ცალკეულ განცხადებებში“.
„კერძო მედიასაშუალებები კვლავაც ინარჩუნებდნენ მკვეთრად პოლარიზებულ და მიკერძოებულ პოზიციას მაშინ, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება“, – ნათქვამია ერთობლივ შეფასებაში, რომლის თანახმადაც „ორივე ოპონენტმა უფასო და ფასიანი საეთერო დრო ნეგატიური კამპანიისთვის უფრო გამოიყენა, ვიდრე საკუთარი კანდიდატურის რეკლამირებისთვის“.
დიპლომატიური შეფასებები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ხელმძღვანელმა ანდრეი ჰუნკომ, განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა დაადასტურა ის წუხილები, რომელიც PACE-ის დელეგაციამ პირველი ტურის შემდეგ გამოთქვა. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და კერძო შემოწირულებებით კამპანიისა და პარტიული დაფინანსების გასაოცრად ხელგაშლილი სისტემა“.
„ამას გარდა, სადავოა მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ ასიათასობით ამომრჩევლისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ განცხადების გაკეთება, რასაც მმართველი პარტიის ლიდერთან ასოცირებული კერძო ფონდი აფინანსებს“, – განაცხადა ჰუნკომ და აღნიშნა, რომ „პოლიტიკაში ფულის როლის ზრდა იმ ქვეყანაში, სადაც სიღარიბის დონე მაღალია და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს, არ უწყობს ხელს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული არჩევნების მიმართ“.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარგარეტა კედერფელტმა განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობით დემოკრატიის მიმართ ერთგულება აჩვენა, თუმცა „სამწუხაროდ, ტურებს შორის კამპანიის დროს, ხისტი რიტორიკის მზარდმა გამოყენებამ საარჩევნო გარემოში დაძაბულობის ზრდას შეუწყო ხელი“.
ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა გეერტ ჰინრიხ აჰრენსმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას კარგი საერთაშორისო იმიჯი აქვს და მოქალაქეების და ამომრჩევლების მიერ გამოხატული ეს ერთგულება თვალსაჩინო და შთამბეჭდავი იყო“.
„არჩევნების ხარისხი დააზიანა მწვავე დაპირისპირებამ, უარყოფითმა კამპანიამ და პირადმა შეურაცხყოფებმა პოლიტიკური კლასის ზოგიერთი წევრისგან, რომელთაც ეს გააკეთეს ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემსჯელათ, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ეკონომიკური უთანასწორობა“, – განაცხადა მან.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია 32 ქვეყნის 215 დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორის, 184 გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელი ODIHR-მა განათავსა, 11 პარლამენტარი და თანამშრომელი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, 10 – ევროპარლამენტმა და 5 PACE-მა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)