სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველყოფა იქნება.
ზურაბიშვილმა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება, საკუთარ პრიორიტეტებზე 29 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუებში ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ის შეეცდება, რომ შეარიგოს და გააერთიანოს ქართული საზოგადოება და რომ ამას ხელს შეუწყობს ის ფაქტიც, რომ ის ქალია. მან ხაზი გაუსვა, რომ ის არ ჩაერთვება პარტიულ პოლიტიკაში და სანაცვლოდ, საკუთარ დროს „საზოგადოების ცვლილებებს“ მოახმარს.
ზურაბიშვილის თქმით, მისი მეორე პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა. „უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვჭირდებით ევროპას ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი წარსულით, რომ ეს არის ორმხრივი გზა – ჩვენ ევროპაში და ევროპა საქართველოში“, – განაცხადა მან.
ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში გაიმართება, რის შემდეგაც ის ბერლინსა და პარიზში ჩავა. მისივე თქმით, ის ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებსაც ესტუმრება.
29 ნოემბერს ზურაბიშვილი რამდენიმე უცხოურ მედიასაშუალებასაც ესაუბრა. „ჩემი პრიორიტეტია საქართველოს ევროპაში შეყვანა. მე ამისთვის ევროპიდან საქართველოში ჩამოვედი…მე იმ საზოგადოებამ ამირჩია, რომელსაც სურს მეტი ევროპა საქართველოში და საქართველო ევროკავშირში“, – განუცხადა მან Euronews-ს.
ზურაბიშვილმა რუსეთზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია „არასდროს შეჩერებულა“. „ჩვენ გვაქვს საოკუპაციო ზოლი, საქართველოს ტერიტორიის შიგნით, რომელიც ყოველდღე იწევა. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც საოკუპაზიო ზოლთან ახლოს ცხოვრობენ და რომელთაც მუდმივად იტაცებენ“, – განაცხადა მან.
„[რუსული ოკუპაცია] ძალიან მასშტაბურია, ეს არის ყოველდღიური და კონკრეტული საფრთხე საქართველოს სტაბილურობის წინააღმდეგ“, – განუცხადა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ისრაელის ტელეკომპანიას i24News.
„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმისათვის, რაც ხდება საქართველოში და უკრაინაში. რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობა ნიშნავს პასუხისმგებლობას სტაბილურობის წინაშე და შეწყვიტეთ ძველი, საბჭოთა იმპერიალისტური ძალასავით მოქცევა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ზურაბიშვილმა განაცხადა: „სანამ რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა ჩვენს საოკუპაციო ხაზზე…არა მგონია, რომ მჭიდრო თანამშრომლობას შევძლებთ“.
„თუ დასავლეთი, ევროპა და ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დაიწყებენ რაიმე ტიპის დისკუსიას რუსეთთან, ჩვენ მივიღებთ მასში მონაწილეობას. ჩვენ საქმის კურსში უნდა ვიყოთ, ჩვენი პრინციპების და მიზნების, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მიზნით“, – განაცხადა მან.
არჩევნების შეფასებები, ურთიერთობები მმართველ პარტიასთან
კითხვაზე, იზიარებს თუ არა ის საერთაშორისო შეფასებებს, რომ არჩევნების ჩატარებისას რიგი პრობლემები გამოიკვეთა, ზურაბიშვილმა განაცხადა: „შეიძლება იყო ხარვეზები, მაგრამ იყო ძალიან ევროპული ტიპის კამპანია, პირველ რიგში ჩემი მხრიდან“.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ მან აჩვენა დემოკრატიული არჩევნების კიდევ ერთი მაგალითი, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის ახალი დასაწყისია.
ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებასთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მოუწევს მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ იყოს „ეფექტიანი პრეზიდენტი და ის ინიციატივები წარვადგინო, რომელიც ხალხისგან არის მოსული“.
„ამავე დროს, მე ვერ შევცვლი ჩემს თავს და ვარ დამოუკიდებელი, მაქვს ჩემი პრინციპები, ჩემი წითელი ხაზები, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ დადგება დრო, როდესაც არჩევანის გაკეთება დამჭირდება, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც, უკვე იცის მმართველმა პარტიამ, რომ მე მაქვს ჩემი პოზიციები“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)