ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა „დადებითი საფუძველი შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორისი დიალოგის საწარმოებლად“, იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებიც „აფხაზეთსა და საქართველოს მოლაპარაკებების პროცესში“ შუამავლის როლს ასრულებენ.
„აფხაზმა ხალხმა უპირობოდ აირჩია დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზა და სწორედ ამ ფუნდამენტური გარემოებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენ რესპუბლიკასთან ურთიერთობების დამყარების დროს“, – განუცხადა კოვემ აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესს“ 30 ნოემბერს.
მისი თქმით, ვერანაირი სამშვიდობო ინიციატივა ვერ გახდება „აფხაზეთის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ალტერნატივა“ და რომ ერთადერთი გამოსავალი ჩიხიდან იქნება „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ჩვენ სახელმწიფოებს შორის სრულფასოვანი ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენა“.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი მედოევმაც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს საქართველოს საშინაო საქმეა და მას არაფერი აქვს საერთო ცხინვალთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)