Site icon Civil.ge

ევროკავშირის პრეზიდენტები ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ

ევროკავშირის დროშა

ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებმა, დონალდ ტუსკმა და ჟან-კლოდ იუნკერმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.

ევროკავშირის პრეზიდენტებმა ერთობლივ წერილში განაცხადეს, რომ „ეს ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი მომენტი იყო საქართველოსთვის, რაც სრულად საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის დასრულების მაუწყებელია“.

„ეს რთულად მოსაგები არჩევნები იყო და თქვენს მმართველობას პოლიტიკური პოლარიზების გადალახვაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება“, – ნათქვამია წერილში.

„ევროკავშირი კვლავაც განაგრძობს საქართველოსთან საუკეთესო ორმხრივ თანამშრომლობას. მოუთმენლად ველით ერთად მუშაობას, რათა გაგრძელდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, ხოლო ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკურმა ასოცირებამ და ეკონომიკურმა ინტეგრაციამ წინ წაიწიოს“, – განაცხადეს ტუსკმა და იუნკერმა.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და „კვლავაც აქტიურად შეუწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)