შსს-ის მიერ 2 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
უწყების განმარტებით, დაკავებულების სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას, „ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა“.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ლუკა ჩხეტიაა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დონბასში უკრაინის მხარეს იბრძვის.
შსს-მ განცხადებით, დაკავებულები საქართველოში 27 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა დღეს ჩამოვიდნენ.
„მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. „შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან“.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ელით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)