მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 3 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლეში ახლადარჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა.
მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქმედმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და „ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა მარგველაშვილს შეხვედრის „სწრაფად“ გამართვისთვის, რაც, მისი თქმით, უფლებამოსილების „სტაბილურ და დემოკრატიულ“ გადაბარებას შეუწყობს ხელს.
მარგველაშვილმა და ზურაბიშვილმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრეს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდა, სადაც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. მან ამომრჩევლის ხმების 59.52 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი, ხმების 40.48 % მოაგროვა. დამარცხებული კანდიდატი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)