სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3.8 მლნ ლარით (38.77 %) მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი, სავარაუდოდ, საერთოდ უქმდება.
ბიუჯეტის შესწორებული ვერსია ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 30 ნოემბერს დაუბრუნა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 60-მდე მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობაც.
ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140 იყო, ადმინისტრაციის დაფინანსება კი, 9.8 მლნ ლარს შეადგენდა. ახალი ვერსიით კი, ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მლნ ლარამდეა შემცირებული, სარეზერვო ფონდი კი, განულებულია. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პირველად ვერსიაში სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მლნ ლარი იყო.
პარალმენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის გამოყოფილი რესურსები ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების პროპორციულია.
განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. ევროპული საქართველოს წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, ივანიშვილს, რომელმაც ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომას დიდი რესურსი დაახარჯა, სურს, რომ „ახალი პრეზიდენტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ყოველგვარი დამოუკიდებლობის ხარისხის და გარანტიების გარეშე“.
„როგორც ჩანს, მარგველაშვილის ურჩობის მაგალითზე დაყრდნობით, ივანიშვილმა გადაწყვიტა მაქსიმალურად შეზღუდოს ახლადარჩეული პრეზიდენტის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური აქტივობა, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება მისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის ჩამორთმევით და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი შეზღუდვით“, – განაცხადა დეპუტატმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების შემცირებას მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ამ გადაწყვეტილებას „სრულიად არაკვალიფიციური“ უწოდა. მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის „მიზანმიმართული დასუსტება“ და „ახლაც ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტის“.
„ვის შეუძლია იმსჯელოს პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე დაფინანსების რაოდენობაზე, გარდა იმისა, ვინც ამას ახორციელებს. არავის ჩვენთვის ეს არ უკითხავს და ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდათ“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ბიუჯეტის პროექტი მოკლედ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც შეაფასა. „ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. შეტანილი არის ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ ახლა მუშაობა, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)