Site icon Civil.ge

ტიმოთი სნაიდერი: ავტორიტარიზმის ლაჩრული სახე

Shonagh Rae, New York Times

ტიმოთი სნაიდერი, ნიუ იორკ ტაიმსი, 3 დეკემბერი 2018

ჯერ იყო სახე. ამერიკელი დონალდ ტრამპის, უნგრელი ვიქტორ ორბანის ან რუსი ვლადიმირ პუტინის, ანაც თურქი რეჯებ თაიფ ერდოღანის. სახე კაცისა, რომელსაც დემოკრატიის პიროვნების კულტად გადაგვარება სწყუროდა.

სახე წინამძღოლის უძველესი ნიშანია, რომელიც კლანსა თუ თემს შეეფერება. როცა ჩვენ მხოლოდ ერთ სახეს შევცქერით, პოლიტიკა ან გადაწყვეტილებები აღარ გვაინტერესებს; ჩვენ დაუფიქრებლად ვიღებთ ახალ რეჟიმსა და მისი თამაშის წესებს. ოღონდაც, საქმე ისაა, რომ დემოკრატია ხალხს გულისხმობს და არა ერთ, მითოლოგიზირებულ პიროვნებას.

ადამიანებს სჭირდებათ ჭეშმარიტება, ხოლო პიროვნების კულტი მას ანადგურებს. დემოკრატიის თეორიები, ძველი ბერძნებით დაწყებული, განმანათლებლობის გავლით დღევანდელობამდე, თვლიან, რომ ჩვენს გარშემო არსებული სამყარო შეცნობადია. რომ ჩვენ, სხვა მოქალაქეებთან ერთად ფაქტების დადგენას ვცდილობთ.

პიროვნების კულტის პირობებში, ჭეშმარიტებას რწმენა ანაცვლებს. ჩვენ გვწამს ის, რაც ლიდერს სურს, ვიწამოთ. ამგვარად მათი სახება ჩაანაცვლებს ჩვენს გონებას.

დემოკრატიიდან პიროვნების კულტზე გადასვლა ისეთი ლიდერით იწყება, რომელიც მზადაა, სულ ტყუილები ილაპარაკოს, რათა ჭეშმარიტებამ, როგორც ასეთმა, ყოველგვარი ღირებულება დაკარგოს. გარდამავალი ეტაპი მაშინ მთავრდება, როცა ხალხი ჭეშმარიტებად იმას მიიჩნევს, რასაც ასეთად განიცდის [და არა შეიმეცნებს].

პიროვნების კულტი ყველგან ერთნაირად მუშაობს; ის ეყრდნობა მცდარ წარმოდგენას, რომ ლიდერის სახე, რაღაც მანქანებით, ერს წარმოადგენს. პიროვნების კულტის მიზანია, განვიცადოთ და არა ვიფიქროთ.

ასეთი ლიდერების მიზანია განვიცდიდეთ, რომ პოლიტიკის მთავარი კითხვაა “ვინ ვართ ჩვენ, და ვინ არიან ისინი?” და არა “როგორია ეს სამყარო და როგორ უნდა გავისარჯოთ მის შესაცვლელად?”

როგორც კი ვირწმუნებთ, რომ პოლიტიკის არსი არის “ან ჩვენ, ან ისინი”, ჩვენ შეგვექმნება განცდა, რომ ვიცით, ვინ ვართ “ჩვენ” იმიტომ, რომ გუმანით ვხვდებით, თუ ვინ არიან “ისინი”.

სინამდვილეში, ჩვენ არაფერიც არ ვიცით. უბრალოდ პოლიტიკის საფუძვლად უკვე ვაღიარეთ შიში და სტრესი – ეს ცხოველური ემოციები. ჩვენ გაგვაბითურეს.

დღევანდელი ავტორიტარული ლიდერები საშუალო ზომის ტყუილებს სჯერდებიან. ისინი მხოლოდ ზედაპირულად იყენებენ რეალურ გამოცდილებას; თუმცა ემოციების მრუმე მღვიმეებში ჩვენს შეტყუებას ხშირად ლამობენ.

თუკი ჩვენ გვჯერა, რომ ბარაკ ობამა აფრიკაში დაბადებული მუსლიმია (რუსების დახმარებით შობილი ამერიკული ტყუილი), ან რომ ჰილარი ქლინთონი პედოფილი “მამაშაა” (ამერიკელების დახმარებით შექმნილი რუსული ტყუილი), ჩვენ აღარ ვფიქრობთ. ჩვენ სექსუალურ და ფიზიკურ შიშს ვემონებით.

ეს საშუალო ზომის ტყუილები ნამდვილი ტოტალიტარული ლიდერების დიდ ტყუილებს ვერც კი შეედრება, თუმცა ბატონი ორბანის საუბრები ჯორჯ სოროსზე, როგორც ებრაული შეთქმულების წინამძღოლზე, საკმაოდ ახლოსაა დიდ ტყუილთან.

მაგრამ საშუალო ტყუილებიც კმარა ფაქტებზე დაფუძნებული სამყაროს გასაბათილებლად. როგორც კი ერთ ტყუილს გადავყლაპავთ და შევითვისებთ, ამით კარს გავუღებთ არასიმართლის მთელ ლეგიონებს და, აი, უკვე ვეჭვობთ მაინც, რომ ყველაფერი რაც ხდება, რაღაც დიდი შეთქმულების ნაწილია.

სწორედ ამგვარად, ლიდერის სახე დროშად გვექცევა, წყალგამყოფად “ჩვენსა” და “სხვებს” შორის. ინტერნეტი და სოციალური მედია ხელს გვიწყობს, რომ პოლიტიკას სწორედ ასე, შავ-თეთრ ფერებში შევხედოთ.

ჩვენ გულუბრყვილოდ გვგონია, რომ კომპიუტერების წინ მსხდომნი არჩევანს ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ჩვენი არჩევანი ალგორითმების მიერაა განპირობებული. იმ ალგორითმებისა, რომლებიც ჩვენგან სწავლობენ, თუ რა გრძნობები მიგვაჯაჭვავს ეკრანებს.

სოციალურ მედიაში ჩვენი ქცევა ასწავლის ჭკვიან მანქანებს, რომ ყველაზე უფრო ქმედითი სტიმულები უარყოფითია: შიში და სტრესი.

როცა სოციალური მედია პოლიტიკურ პლატფორმად იქცევა, ჩვენ უკვე შინაგანად მზადა ვართ პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც სწორედ ასე, შავ-თეთრ ფერებში გვისახავენ სამყაროს: რა გვაშინებს და რა გვაგრძნობინებს თავს უსაფრთხოდ? ვინ არიანი “ისინი” და ვინ ვართ “ჩვენ”?

იყო დრო, პიროვნების კულტს ქანდაკებები სჭირდებოდა; ახლა – ინტერნეტ მიმებიც საკმარსია. სოციალური მედია ისეთივე შთამბეჭდავ გავლენას ახდენს საზოგადოების წარმოსახვაზე, როგორც ერთ დროს ტირანების მონუმენტური ქანდაკებები იმონებდნენ საჯარო სივრცეებს.

თუმცა სწორედ ის ძველი მონუმენტები გვახსენებენ, რომ ტირანები ყოველთვის კვდებიან. უგემოვნო მაჩო პოზები, მოშიშვლებული ტორსით გადაღებული ფოტოები, ქალებისადმი და მათი გამოცდილებისადმი ზიზღი, ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული კამპანიები – ყველაფერი ეს ერთი უმარტივესი ფაქტის შესანიღბად კეთდება: პიროვნების კულტი იმპოტენტურია, მას კვლავწარმოება არ შეუძლია.

პიროვნების კულტი წარმავალის კულტია. ის დაბნეულობას და, ძირისძირში, ლაჩრობას ეფუძნება: ლიდერს ვერ წარმოუდგენია, რომ ის მოკვდავია და მას შეცვლიან. მოქალაქეები კი უღვივებენ მას ამ ილუზიას რადგან სურთ დაივიწყონ, რომ საკუთარ მომავალზე პასუხს თვითონ აგებენ.

პიროვნების კულტი ქვეყნის წინსვლას ამუხრუჭებს. როცა პიროვნების კულტს ვაღიარებთ, ამით არა მხოლოდ საკუთარი ლიდერების არჩევის უფლებას ველევით, არამედ ვაბლაგვებთ იმ ჩვევებსა და ინსტიტუტებს, რომლებმაც მომავალში უნდა მოგვცენ ლიდერების არჩევის საშუალება.

დემოკრატიისაგან გაქცევა ნიშნავს, დაივიწყო მისი მთავარი მიზანი: ვაშენოთ საერთო მომავალი. რადგან პიროვნების კულტი გვეუბნება, რომ ერთი ადამიანი ყოველთვის მართალია, შესაბამისად, მისი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ქაოსი გველის. დემოკრატია კი გვეუბნება, რომ ყველანი ვცდებით, მაგრამ, დროდადრო, ამ შეცდომების გამოსწორების საშუალება გვეძლევა.

დემოკრატიით ქვეყანას გულადი ხალხი მართავს. პიროვნების კულტით – ქვეყანას ლაჩრები ანადგურებენ.

ტიმოთი სნაიდერი

ტიმოთი სნაიდერი. ფოტო: ინე გუნდერსვიინ

ტიმოთი სნაიდერი (დაბადებული 1969 წელს) ამერიკელი მწერალი და ისტორიკოსია, რომლის სპეციალიზაციაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა და ჰოლოკოსტია. სნაიდერი ისტორიის პროფესორია იელის უნივერსიტეტში და ვენის ჰუმანიტარული მეცნიერებების ინსტიტუტში. იგი ასევე არის აშშ საგარეო ურთიერთობების საბჭოს წევრი (Council on Foreign Relations).