Site icon Civil.ge

საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

ლევან იზორია და ფლორანს პარლი. ფოტო: facebook.com/mod.gov.ge

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 8 დეკემბერს პარიზში თავის ფრანგ კოლეგას ფლორანს პარლის შეხვდა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მინისტრებმა საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესახებ ტექნიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც ერთგული რჩება იმ წვლილის, რომელიც მას ევროკავშირთან ერთად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით შეაქვს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა სახმელეთო სათვალთვალო რადარების, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემების მწარმოებელ კომპანიასთან ThalesRaytheonSystems (TRS) კიდევ ერთი შეთანხმების გაფორმებას, რომელიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში მათ ინტეგრირებას ისახავს მიზნად. თუმცა, შეთანხმების დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა. მოგვიანებით, იზორიამ განაცხადა, რომ საქართველო ქვეყნის საჰაერო სივრცის მაქსიმალურად დასაცავად საფრანგეთთან მოლაპარაკებების მეორე ეტაპზე გადასასვლელად მზად იყო.

საფრანგეთში ვიზიტის დროს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტის ეროვნულ ასამბლეაში თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტს ჟაკ ბრიდესს და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტს კრისტიან კამბონსაც შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)