საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორიუმი მოიხსნა, 10 დეკემბერს, თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც “ქართული მარშის” მიერ იყო ორგანიზებული.
„ქართული მარშის“ ორგანიზებულ აქციაში ასევე მონაწილებოდნენ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21“-ის, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“, „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ და პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის თანამშრომლების გაფიცვას ითხოვდნენ, რითაც მათივე განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციის პრობლემა მოიხსნებოდა. აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში იუსტიციის სახლის შესასვლელიც ბლოკირებული ჰქონდათ და მოქალაქეებს შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის, პარლამენტის დეპუტატის ადა მარშანიას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, საკუთარი გადაწყვეტილებით, „ზურგში დანა ჩასცხო ქართველ ერს და ჩვენს სახელმწიფოს“. ალიანსის კიდევ ერთმა წევრმა ემზარ კვიციანმა კი განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით „გვიყიდიან სამშობლოს, რომ დღემდე ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მოტანილი მიწა-წყალი ფულში გაცვალონ და გაყიდონ… ადრე თუ გვიპყრობდნენ ზარბაზნებით და ხანჯლებით, დღეს ფულით გვყიდულობენ და ფულით უნდა დაგვიპყრონ“.
პარლამენტის ყოფილი წევრის და „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, იმ მორატორიუმის შინაარსს, რომლის ინიციატორი თავის დროზე თავად თეა წულუკიანი იყო“. მანვე იუსტიციის მინისტრისგან სპეციალური აქტის გამოცემა მოითხოვა, რომლითაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციის „ტექნიკური რეგლამენტი“ შეჩერდებოდა“.
აქციის მონაწილეთა თქმით, კვირის განმავლობაში აქციებს სისტემატური ხასიათი ექნება. მათვე ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყეს და მოქალაქეებს 11 დეკემბერს იუსტიციის სახლთან მისვლისკენ მოუწოდეს.
საღამოს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. მან საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწა არცერთი უცხოელის სახელზე არ დარეგისტრირებულა. მისივე თქმით, „ვნებათაღელვა არის უადგილო, არ არის სჭირო ღია კარის მტვრევა“ და რიგითი მოქალაქეებისთვის სერვისის მიღებაში ხელის შეშლა.
„ეს არ არის ჩემთვის უცხო ხალხი, ვინც გარეთ საპროტესტო აქციას აწყობს, მე უმრავლესობას მათგანს ჯერ კიდევ ოპოზიციური დროიდან ვიცნობ და მე ვიცი, რომ მათ ჩემი ენა, ისე როგორც მე ახლა ფორმულირებებს ვაკეთებ, ესმით. შესაბამისად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მიხვდებიან, რომ ხვალ აღარ არის საჭირო პიკეტირება და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)