Site icon Civil.ge

პრემიერმა მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია წარადგინა

მამუკა ბახტაძემ მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია წარადგინა, 11 დეკემბერი, 2018, ფოტო: facebook.com/bakhtadzemamuka/ - ის ვიდეოდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ექსპო-ჯორჯიაში გამართულ პრეზენტაციაზე მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია წარადგინა და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა.

სტრატეგიის წარდგენისას, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, პრემიერმა განმარტა, რომ მთა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და პარლამენტის მიერ მიღებულმა მთის კანონმა მოსახლეობისთვის „პირველი რიგის ამოცანების“ გადაჭრის შესაძლებლობა შექმნა.

პრემიერის განმარტებით, მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებისთვის მოხდება „მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობების და კოოპერატივების განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა“.

პრემიერმა ყურადღება მთიანი რეგიონების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგიის ფარგლებში, გაგრძელდება „სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია” და დაიგება ახალი გზები“.

სტრატეგიის ფარგლებში, მამუკა ბახტაძემ სამთო ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია“.

მამუკა ბახტაძემ მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „გაგრძელდება მუშაობა ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად“. ამასთან, „გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა“.

„2019 წელს ყველა უშუქო სოფელში მაღალმთიანი სტატუსის მქონე დაახლეობით 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროებით, ხოლო 2020 წლისთვის კი, ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობით და ინტერნეტით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ „2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

მთავრობის მეთაურმა მთის რეგიონებში მცხოვრების ახალგაზრდების განათლებაზე ხელმისაწვდომობა 2019-2023 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და აღნიშნა, რომ „2019 წელს დაიწყება 6 ახალი სკოლის მშენებლობა და დაახლოებით 15 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის“. გაგრძელდება სტუდენტების დაფინანსებაც.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება მთაში საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზეც გაამახვილა და განმარტა, რომ „დაინერგება მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემები, მოხდება მუნიციპალური ვებგვერდებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული საშუალებების განვითარება, გაიზრდება საზოგადოებრივის ცენტრების რაოდენობა“.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მთის განვითარება უნდა იყოს შეუქცევადი“ და „მთა არათუ არ უნდა დაცარიელდეს, პირიქით საცხოვრებლად უნდა გახდეს მაქსიმალურად კომფორტული და ეკონომიკურად მიმზიდველი“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)