(გაზეთი „ერთობა“, N269, 12 დეკემბერი, 1918 წ.)
სახალხო გვარდია
როდესაც ჩვენი სახალხო გვარდიის მნიშვნელობაზე და ღვაწლზე ფიქრობ, თვალწინ გიდგება რუსეთის რევოლიუციის პრობლემა, უნებურათ ერთი მეორეს უპირისპირებ რევოლიუციის მსვლელობას რუსეთში და ჩვენში.
რუსეთის რევოლიუცია თავიდანვე ორს და მთავარ ძალაზე იყო დაყრდნობილი: მუშებზე და გლეხობაზე, ქალაქის შეგნებულ პროლეტარიარზე და ჯარისკაცის ფარაჯებში გამოხვეულ სოფლის მუჟიკებზე. შეგნებით პირველი ძალა უზომოთ მაღლა იდგა მეორეზე, მაგრამ მეორე სჭარბობდა პირველს როგორც რიცხვით, ისე ფიზიკურათ, შეიარაღებით. პირველი ძალა რევოლიუციაში ჩაება გარკვეულ პოლიტიკური პროგრამით; მეორე კი მატარებელი იყო გამოურკვეველ სტიქიონისა, ბურუსში გახვეულ მისწრაფებათა და უფორმო ლტოლვილებათა.
ამ ორ ძალაში პირველი ალაგი აშკარათ ეჭირა გლეხურ სტიქიონს. შეიარაღებულ გლეხების ხმა ფარავდა პროლეტარიატის ხმას; მათი მისწრაფება ცხადათ იმარჯვებდა პროლეტარიატის მისწრაფებაზე. ჯარისკაცის სამხედრო ყიჟინაში ძლივს ისმოდა პროლეტარიატის „მარსელიეზა“.
პარტიები, რომლებიც უკეთ ახერხებდნენ ჯარისკაცთა და გლეხთა გულის მოგებას, პირველ ალაგზე იდგნენ. იმ ორგანიზაციებში, რომლებიც რევოლიუციას ხელმძღვანელობდნენ, ჯერ იხსენიებოდა ჯარისკაცი, შემდეგ – კი მუშა. „ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატების საბჭოები“, – აი, ყველაზე გავლენიანი რევოლიუციონური ორგანიზაცია, რომელშიაც პირველი ალაგი ჯარისკაცს ეჭირა.
ამ ორ ძალას შორის განუწყვეტლივ ბრძოლა სწარმოებდა, უფრო ხშირათ დაფარული, ზოგჯერ კი ცხადი. სოფლის ანარქია ებრძოდა ქალაქურ წესიერებას, სოფლის სიბნელე – ქალაქურ კულტურას, სოფლის სტიქიონი – შეგნებულ მოქმედებას. ამ ბრძოლაში აშკარა გამარჯვება ხვდა სოფელს. მუჟიკურმა ანარქიამ, უკულტურობამ, სტიქიონმა გაიმარჯვა პროლეტარიატის შეგნებაზე, წესიერებაზე, კულტურაზე. პირველმა ჩააჩუმა მეორე. ეს არის რუსეთის რევოლიუციის არსება აქ იმალება მისი მარცხი.
მაგრამ იყო რუსეთში ერთი კუთხე, სადაც რევოლიუციამ სულ სხვანაირი მსვლელობა მიიღო. ეს იყო კავკასია. ჯარისკაცის სამხედრო ყიჟინას აქ არც ერთხეულ დაუჩრდილავს პროლეტარული „მარსელიეზა“. სალდათური ფარაჯა აქ არც ერთხელ არ მდგარა მუშის ბლუზაზე წინ. შეგნებულ პროლეტარს ყოველთვის თავის გავლენის ქვეშ ჰყავდა სალდათი და გლეხი; პროლეტარული წესიერება უფრო ძლიერი იყო გლეხურ ანარქიაზე. „მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო“, – აი, მთავარი რევოლიუციონური ორგანიზაცია, რომელშიაც პირველი ალაგი აშკარათ ეჭირა მუშას.
იმ ბრძოლაში, რომელიც ხან დაფარულათ, ხან ცხადათ სწარმოებდა თვით რევოლიუციის წიაღში და რომელიც გამოხატულება იყო წინააღმდეგობისა სოფელსა და ქალაქს შუა, ჩვენშ აშკარათ გამარჯვებული გამოვიდა ქალაქის კულტურა, დამარცხდა სოფლის უკულტურობა. მუშის წესიერებამ დასძლია სოფლის ანარქია, პროლეტარის შეგნებამ ჯარისკაცის, შეიარაღებულ გლეხის გაუნათლებლობა; დალაგებულმა რევოლიუციონურმა ტაქტიკამ გაიმარჯვა ჯარისკაცის ანარქიაზე და გლეხურ სტიქიონზე.
1917 წლის 12 დეკემბერი (ძველი სტილით 29 ნოემბერი) მით არის აღსანიშნავი დღე, რომ მაშინ მოხდა პირველი უდიდესი და გადამჭრელი ბრძოლა რევოლიუციაში დამალულ მოწინააღმდეგე ძალებისა. 1917 წლის დამლევი კრიზისის ხანა იყო. რუსეთში ამ დროს უკვე გამორკვეული იყო ბალშევიზმის – ამ გლეხურ-სალდათურ სტიქიონის – გამარჯვება პროლეტარულ მოძრაობაზე.
რა გზით წავა რევოლიუცია ჩვენში? სიკვდილს აირჩევს თუ სიცოცხლეს? დაადგება რუსეთის გზას, თუ არ გადაუხვევს ერთხელ არჩეულს შეგნებულ მიმართულებას? გლეხურ-სალდათურ ძალას გაჰყვება თუ პროლეტარულს? აი როგორ იყო დაყენებული საკითხი წარსული წლის დამლევს.
12 დეკემბერს (29 ნოემბერს) სამკვდრო-სასიცოცხლოთ ეკვეთა ერთმანეთს ეს ორი მიმართულება, სალდათური და მუშური. არსენალთან მოხდა ორი ძალის შეტაკება. არსენალში გამაგრებული იყო ბალშევიკურათ განწყობილი ეშელონები. მის ასაღებათ და რევოლიუციონურ მთავრობის ხელში გადასაცემათ მივიდა შეიარაღებული პროლეტარიატი – „წითელი გვარდია“. რევოლიუცია ეკვეთა ბალშევიკურ მუჟიკურ სტიქიონს. წამი იყო ისტორიული, საბედისწერო. ძლევა ხვდა პროლეტარიატს, შეგნებულ რევოლიუციას. დაძლეული ამ ბრძოლიდან გამოვიდა გლეხურ-სალდათური ანარქია.
ეს იყო გადამჭრელი შეტაკება. ბრძოლა მას შემდეგ ერთი წლის განმავლობაში არ შეჩერებულა. ანარქია ერთის დამარცხებით არ მომკვდარა. მაგრამ ცენტრში დამარცხებული, იგი პერიფერიებშიაც მუდამ დამარცხებული გამოდიოდა. „წითელ გვარდიას“ მადლიერმა ხალხმა „სახალხო გვარდია“ უწოდა. ეს სახელწოდება აღიარებაა იმისა, რომ სახალხო გვარდიამ იხსნა ერი ანარქიის საშინელ გველეშაპისაგან.