Site icon Civil.ge

ჯეიმს აპატურაი: მეტი ნატო საქართველოში მომავალ წელს

ჯეიმს აპატურაი და მამუკა ბახტაძე, 12 დეკემბერი, 2018. ფოტო: facebook.com/bakhtadzemamuka

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაი 12 დეკემბერს საქართველოს ესტუმრა და ქვეყნის ხელმძღვანელობას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.

აპატურაიმ განაცხადა, რომ მას „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან რიგ საკითხებზე, მათ შორის „საქართველოს სტაბილურ რეფორმებზე და სტაბილურ პროგრესზე ნატოსკენ მიმავალ გზაზე“. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა „გამოხატა მთავრობის მტკიცე განზრახვა, რომ ხალხის ნება განახორციელოს, რაც ევრო-ატლანტიკურ მომავალს გულისხმობს“.

„რა თქმა უნდა, მე გამოვხატე ჩემი მზადყოფნა და ჩვენი მზადყოფნა, რომ ამაში დავეხმაროთ“, – განაცხადა აპატურაიმ და დასძინა, რომ მათ ამის კონკრეტული გზები განიხილეს, მათ შორისაა თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმების მეტი მხარდაჭერა, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობა ოპერაციების განხორციელებაში.

„მომავალ წელს, ჩვენ ვიხილავთ მეტ ნატოს საქართველოში. გვექნება ბევრი მაღალი დონის ვიზიტები… უფრო მეტი, ვიდრე წელს. ამრიგად, ჩვენ დავანახებთ ქართველ ხალხს, რომ ამ თანამშრომლობას შედეგი მოაქვს და რომ ნატო ერთგულია“, – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, ბახტაძესთან შეხვედრაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზეც იმსჯელეს. აპატურაის თქმით, მან პრემიერ-მინისტრს არჩევნებთან ჩატარება მიულოცა, თუმცა შეშფოთება გამოხატა „პოლიტიკური დიალოგის პოლარიზების“ გამო. „ის, რაც ჩვენ ნატოში გვინდა, არის ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი“, – აღნიშნა მან.

თბილისში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, ახლადარჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, აგრეთვე ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ჯეიმს აპატურაიმ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციაც წაიკითხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)