Site icon Civil.ge

მარნეულის ყოფილი მერი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით  დააკავეს, 13 დეკემბერს სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამით სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ინფორმაცია Civil.ge-ს მთავარ პროკურატურაშიც დაუდასტურეს. პროკურატურის ინფორმაციით, იმის გამო, რომ საქმეში ყველა მოწმე დაკითხულია და მტკიცებულებები გამოკვლელული, ზეწოლის საფრთხე აღარ არსებობს.

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, კომენტარი თავად თემურ აბაზოვმაც გააკეთა და განაცხადა, რომ ის „ბინძური პროვოკაციის მსხვერპლია“ და „ცილისწამების გამო“ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„მე ვარ ბინძური პროვოკაციის მსხვერპლი, ვინაიდან ერთ-ერთმა მოწმემ, თვითონ როგორც განაცხადა, ეს იყო იმისთვის გაკეთებული, რომ მას ასეთი ბინძური გინებით და ოჯახის შეურაცხყოფით უნდოდა ნაციონალურ მოძრაობაში გადასვლა. რეალურად ეს ადამიანი იყო ოცნების წარმომადგენელი“, – განაცხადა თემურ აბაზოვმა და დასძინა, რომ „აუცილებლად მინდა საჩივარი შევიტანო ცილისწამების გამო, ვინაიდან ჩემი ოჯახი იყო წარმოუდგენლად შეურაცხყოფილი“.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა კვლავ მიმდინარეობს. თემურ აბაზოვს ამ დროისთვის მერის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. მარნეულის მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე ასრულებს.

თემურ აბაზოვი მთავარმა პროკურატურამ მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით მიმდინარე წლის 13 ივნისს დააკავა. მოგვიანებით მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მარნეულის მერის დაკავება სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს მოჰყვა. ფილმში ჩანდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის გინებისთვის ბოდიში მოახდევინეს და ზეწოლის შედეგად, სავარაუდოდ, სახეზე შარდი წაასმევინეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)