Site icon Civil.ge

თელავის მერიამ ოპოზიციას 16 დეკემბერის აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზა

ერეკლე მეორის სასახლე თელავში, ფოტო: telavi.gov.ge-ის Facebook-ის გვერდი

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, თელავში აქციის ჩასატარებლად ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად ალტერნატიული ადგილი – კოსტავას ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა ეს გადაწყვეტილება იმ სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო, რომლებიც ამ ღონისძიების უსაფრთხოებას და დაცვას ახორციელებენ.

„ჩვენ ვთავაზობთ მათ ალტერნატიულ ადგილს. ვინაიდან ამ ცერემონიაში მონაწილეობას იღებს ძალიან ბევრი უცხოური დელეგაცია და ეს ადგილი მოექცა ერთ-ერთი იმ მთავარ ადგილად, სადაც უნდა მოხდეს გადაადგილება ამ დელეგაციების, ჩვენ შევთავაზეთ [ოპოზიციას] ალტერნატიული ადგილი“, – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და დასძინა, რომ ალტერნატიულ ადგილად კოსტავას ქუჩაზე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას გაერთიანებულ ოპოზიციაში უპასუხეს და განმარტეს, რომ უარის მიუხედავად, ოპოზიცია აქციას დაგეგმილ ადგილზე მაინც ჩაატარებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის განმარტებით, მათ თელავის მერიისგან „ყოვლად გაუგებარი“ და „ყოვლად არაარგუმენტირებული“ წერილი მიიღეს, სადაც მერი „საუბრობს თემებზე, რომელიც მისი საქმე არ არის“.

„მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800 წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე, მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა გვაქვს და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას და კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით“, – განაცხადა მან.

16 დეკემბრის აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გაერთიანებული ოპოზიციის უკვე ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემაც გააკეთა და განმარტა, რომ „კვირას გავაპროტესტებთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტად“.

„ჩვენ ვაპირებთ აბსოლუტურად მშვიდობიანად, ჩვენი საკონსტიტუციო უფლების გამოყენებას და ნუ შეეცდებით რაღაც პროვოკაციების მოწყობას, რომელიც გჩვევიათ ხოლმე. მშვიდად წყნარად ვაპირებთ ჩავიდეთ თელავში, გავაპროტესტოთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია ქართულ ოცნებაში შეაფასეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ნაციონალურ მოძრობას „ეშინია თავის მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს უთხრას სიმართლე, რომ მათ წააგეს დიდი უპირატესობით. ასევე მათ უჭირთ თავის მხარდამჭერებს უთხრან, თუ რა იქნება მომავალში, თუ რა უნდა გააკეთოს იმ პარტიამ მომავალში, რომლის ადგილიც საზოგადოებამ ამ მომავალში ვერ დაინახა“.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მშვიდობიანი აქციის ჩატარების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადეს. გაერთიანების უკვე ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის „კომპრომისული შეთავაზებები“ და „საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლის აზრი“ ყურად არ იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)