გაერთიანებულმა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამართა. აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში გაიმართა.
მთავარი დემონსტრაცია, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად თელავში იყო დაგეგმილი , ჩაიშალა. ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომლებიც თბილისიდან თელავისკენ მიემართებოდნენ, პოლიციამ სოფელ ველისციხეში კორდონი დაახვედრა.
აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რის გამოც პოლიციასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი (ველისციხე-თელავის მარშრუტი იხილეთ აქ). პოლიციამ მომიტინგეებს თელავში ჩასასვლელი ალტერნატიული გზა შესთავაზა (შეთავაზებული მარშრუტი იხილეთ აქ), თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა შემოთავაზებაზე უარი თქვეს და აღნიშნეს, რომ ეს გზაც გადაკეტილი იყო.
მომიტინგეებმა პირველი კორდონის გარღვევა მოახერხეს, თუმცა ისინი რამდენიმე ასეულ კვლავ მეტრში გააჩერეს. ამის შემდეგ, მათ გზა ფეხით განაგრძეს, თუმცა პოლიციელებმა ისინი მალევე ისევ შეაჩერეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა.
მოგვიანებით, ოპოზიციის აქტივისტებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადმოინაცვლეს და შეკრება გვიან ღამემდე გაგრძელდა. ზოგიერთმა აქტივისტმა კარვები გაშალა და მთელი ღამე პარლამენტის შენობის წინ დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ16 დეკემბერს დილით განაცხადება გაავრელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება“ და ამის მიზეზად უსაფრთხოების ზომები დაასახელა. მოგვიანებით, უწყებში აღნიშნეს, რომ „აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი“ და განმარტეს, რომ ყველა ინციდენტს შეისწავლის, „რის შემდგომაც, მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)