Site icon Civil.ge

არასამთავრობოები: „ოპოზიციისთვის გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების შეზღუდვაა“

არასამთავრობო ორგანიზაციები 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებული აქციის ჩატარების „ხელშეშლის ფაქტს“ ეხმაურებიან და მომხდართან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ.

ორგანიზაციების მიერ 17 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 14 არასამთავრობო, მათ შორის „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GID), „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ (TI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აწერს, ნათქვამია, რომ 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ „სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადაჭარბებას და პირთა გადაადგილების თავისუფლების, ისევე როგორც შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას“.

„ეს არ არის პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი აქციის ხელშეშლის პირველი შემთხვევა და ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ამ მხრივ ცუდი ტენდენცია შეინიშნება“, – აცხადებენ არასამთავრობოები და განმარტავენ, რომ „მანიფესტანტების უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავარ პროკურატურას შსს-ის მიერ გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების საკითხისა და იმ „ძალადობის ფაქტების“ შესწავლისკენ მოუწოდებენ, რომელიც „მიმართული იყო, ერთის მხრივ, აქციის მონაწილეების, მეორეს მხრივ კი, ინაუგურაციაზე მისული პირების, მათ შორის, დეპუტატების წინააღმდეგ“.

16 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით, დღესვე ცალკე განცხადება გაავრცელა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც“ (EMC), სადაც ნათქვამია, რომ შსს-ის მხრიდან „პროცესის არასაკმარისი ორგანიზების ან/და წინასწარი, სათანადო კომუნიკაციის არარსებობის პირობებში, წარმოიშვა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ინციდენტები“.

„სიტუაციის დეესკალაციის გეგმის და ვითარების ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვეტის სტრატეგიის არარსებობამ, მძიმე ფორმები მიიღო და შედეგად აქციის მონაწილეთა და პოლიციელთა ფიზიკური დაზიანებები მოჰყვა. ასევე, შეუძლებელი გახდა წინასწარდაანონსებული შეკრების გამართვა“, – აცხადებენ EMC-ში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინციდენტები „მძიმედ აისახება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“ და „პოლიციის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობაზე“ და პროკურატურას მომხდარის „დროულად“ და „ობიექტურად“ გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

გაერთიანებულ ოპოზიციაში, ინაუგურაციის დღეს, თელავში საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ 12 დეკემბერს განაცხადეს. აქციის ჩასატარებლად, ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად თბილისიდან მანქანებით გაემგზავრნენ, თუმცა მათ გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან პოლიციის კორდონი დახვდათ. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს თელავისკენ ალტერნატიული გზით წასვლა შესთავაზა. ოპოზიციის ლიდერებმა, იმ მოტივით, რომ შემოთავაზებული მარშრუტიც ბლოკირებული იყო, შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. ამის შემდეგ, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

საბოლოოდ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ თელავში აქციის ჩატარება ვერ შეძლო. ისინი მომხრეებთან ერთად თბილისში დაბრუნდნენ და პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, ბრიფინგი გაიმართა, სადაც გაერთიანების უკვე ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა 18 დეკემბრიდან „შეუწყვეტელი“ აქციები დაანონსა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)