Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი დანიშნა

ათონელის რეზიდენცია, ფოტო: facebook.com/zourabichvilisalome/

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი დანიშნა. ამ თანამდებობებს ლაშა ჟვანია და დიმიტრი გაბუნია დაიკავებენ.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს ათონელის რეზიდენციაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი გუნდის შემადგენლობა კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

  • ლაშა ჟვანია 2006-2008 წლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო კვიპროსის რესპუბლიკაში. 2008 წლის მოწვევის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სახელით, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით მოხვდა. მალევე მან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. ის თანამდებობიდან 2009 წელს მოხსნეს. ამის შემდეგ, მან მაშინდელი ხელისუფლების ოპოზიციაში გადაინაცვლა. ამ დრომდე, ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საქველმოქმედო ფონდის მთავარი მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა.
  • დიმიტრი გაბუნია მრავალი წლის განმავლობაში საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული. მისი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად შესაძლო დანიშვნა თავიდანვე უარყოფითად შეაფასეს ქალთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათ 6 დეკემბერს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და სალომე ზურაბიშვილს მისი კანდიდატურის გადახედვისკენ მოუწოდეს. დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის ინტერესებს იცავდა, რომელსაც რამდენიმე ქალი, რომლებიც ანონიმურობას ამჯობინებდნენ, მას „სექსუალურ შევიწროებაში“ ადანაშაულებდნენ. ამასთან, უფლებადამცველების განმარტებით, მასვე ეკუთვნის შემდეგი ფრაზა – „რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“, რომელიც დიმიტრი გაბუნიამ დევდარიანის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების საპასუხოდ გააკეთა.

ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან პირველი განცხადება დღეს ათონელის რეზიდენციაში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის წინამორბედი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის მოვალეობას ავლაბრის რეზიდენციიდან ასრულებდა. იქ შესვლაზე უარი სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატობის დროს თქვა და განმარტა, რომ „ორბელიანის სასახლე ძალიან შესატყვისი არის ახალი პრეზიდენტის ფუნქციების“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)