Site icon Civil.ge

ISFED: „არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძება დროულად უნდა დაიწყოს“

ფოტო: facebook.com/isfed.official/

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შესაძლო გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვს.

ორგანიზაციის მიერ 18 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის სიუჟეტში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე „საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სავარაუდოდ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ნაცვლად ხელმოწერების გაკეთების, ბიულეტენების ჩაყრის და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები“ ჩანს, რაც, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამართლიანი არჩევნები, სიუჟეტში ნაჩვენებ კადრებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას გამოძიების დროულად დაწყებისა და „ეფექტურად“ წარმართვისკენ მოუწოდებს, რადგან „ადეკვატური პასუხი მოეთხოვოთ სავარაუდო დანაშულებში მონაწილე პირებს, რაც სამომავლოდ ამგვარი დანაშაულების ჩადენის რისკებს შეამცირებს“.

„მნიშნველოვანია, რომ გამოძიების შედეგად გამოიკვეთოს ჰქონდა თუ არა კადრებში აღბეჭდილ ფაქტებს ორგანიზებული ხასიათი და მოქმედებდნენ თუ არა კომისიის წევრები სხვა პირების მიერ გაცემული მითითებების საფუძველზე“, – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.

15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ დმანისის, სენაკის, მარნეულისა და ბოლნისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების შესაძლო გაყალბების ამსახველი სიუჟეტი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება სამართალდამცველ უწყებებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)