Site icon Civil.ge

საქართველოსა და ესტონეთის სპიკერებმა საპარლამენტო თანამშრომლობაზე იმსჯელეს

ირაკლი კობახიძე და ეიკი ნესტორი, 17 დეკემბერი, 2018, ფოტო: facebook.com/parliamentgeo

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც 17-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ტალინს სტუმრობს, გუშინ თავის ესტონელ კოლეგას ეიკი ნესტორს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობები განიხილა.

შეხვედრის შემდეგ პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში, ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თბილი და მეგობრულია, „საუკეთესო რაც შეიძლება იყოს“.

ეიკი ნესტორმა კიდევ ერთხელ გამოხატა ესტონეთის მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებების მიმართ და ქვეყანას ახალი პრეზიდენტის არჩევა, ასევე ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა მიულოცა, რის შედეგადაც ქვეყანა მმართველობის საპარლამენტოს სისტემაზე გადადის.

ესტონეთის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნესტორმა ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო დემოკრატია „მმართველობის საუკეთესო სისტემაა“, ვინაიდან ის „სხვადასხვა შეხედულებებს ითვალისწინებს“ და რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის ხელისუფლებამ „მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებიც უნდა ჩართოს“.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ესტონეთს ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეებმა ორი ქვეყნის საგარეო და საშინაო საქმეებზეც ისაუბრეს.

ტალინში კობახიძე ასევე შეხვდა პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს და სემინარზე – „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ სიტყვით გამოვიდა. ის პრემიერ-მინისტრს იური რატას და საგარეო საქმეთა მინისტრს სვენ მიკსერსაც შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)