Site icon Civil.ge

სომხეთის მთავრობის ულტიმატუმი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას

სომხეთის პირველი რესპუბლიკის მთავრობის შენობა ერევანში. ფოტო: wikipedia.org

“საქართველოს რესპუბლიკა“, N117, 17 დეკემბერი, 1918

რადიო დეპეშა ერევნიდან მიღებული 15 დეკემბერს. საგარეო მინისტრს. ასლი სომხეთის დიპლომატიურ წარმომადგენელს საქართველოში. „ეხლა მივიღე თქვენი რადიო-გრამა N5599 ჩემი 9 დეკემბრის დეპეშის საპასუხოდ. მოგახსენებთ, ჩვენი მთავრობის მიერ თქვენს მთავრობას გაეგზავნა ორი დეპეშა, რომლებშიაც წინადადებას ვაძლევდით საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გაეყვანა თავისი ჯარების ახალქალაქის და ბორჩალოს მაზრების სომხურ ნაწილებიდან. რომ არ მოხდეს შეტაკება სომხის და ქართველ ჯარების ნაწილებისა, ვაცხადებთ,რომ ეს წინადადება არ ნიშნავს საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევას. ამასთან ერთად, არა ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს ნაწილები არ შედის საქართველოს ტერიტორიაში და შეადგენს სომხეთის განუყრელ ნაწილს და ძალადობით დაკავებულია საქართველოს ჯარების მიერ. რადგანაც ჩვენ უაღრესად მშვიდობიანობა გვინდოდა, ჩვენი მთავრობა დროებით ურიგდებოდა ამ მდგომარეობას იმ იმედით, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს აგრესიული მოქმედებიდან ადგილობრივ მცხოვრებთა წინაშე, რომლებსაც არ უნდათ საქართველოსთან შეერთება. მაგრამ მიუხედავათ ამისა, საქართველოს მთავრობა არა თუ შეეგება ჩვენს სურვილს საზღვრების საკითხის ნათლად გადაჭრის შესახებ, არამედ – ამ ოლქების თავისთვის გასამაგრებლად ადგილობრივ მცხოვრებლებზე მიიტანა იერიშები, რომლებსაც მოყვა სისხლის ღვრა და მკაცრი ძალადობა. სომხურ სოფლების დარბევა არტილერიის ცეცხლით. მთავრობას არ შეუძლია გულგრილად უყუროს იმას, თუ როგორ უწესოებას ჩადის მეზობელ სახელმწიფოს ჯარები იმ ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთს ეკუთვნის. აგრეთვე თქვენი ჯარები ესვრის სომხეთის მოქალაქეებს. ჩემს მთავრობას მხურვალედ სურს შემდეგში საქმის გართულება არ მოხდეს და უნდა იწამოს, რომ საქართველოს მთავრობა პატივისცემით მოეპყრობა მცხოვრებთა სურვილებს და სომხეთის უფლებებს და საჩქაროთ გაიყვანს ჯარებს თავისი ინიციატივით, და საშუალებას მისცემს თქვენს დელეგაციას ჩვენთან მოლაპარაკებისა და აღდგენილ იქნება ტელეგრაფის კავშირი და ამით განამტკიცებს მშვიდობიან მცხოვრების ორ მონათესავე და მეზობელ სახელმწიფოთა შორის კავშირს. N912, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიგრანიანი