ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან 27 დეკემბერს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა და ამ გადაწყვეტილებით, გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს“, – განმარტა დეპუტატმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისთვის შესაბამისი კრიტერიუმებით დადენილი წესით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს „გამჭვირვალეს, სამართლიანს და სწორს გახდის“.
„მიმაჩნია, მიმაჩნდა და ყოველთვის ეს განწყობა მექნება, რომ უზენაესი სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის მქონე იურისტები, რომელებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბრიფინგის დასასრულს დეპუტატმა ისიც განმარტა, თუ რატომ განაცხადა მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს და არა გუშინ. „მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს“, – აღნიშნა მან.
მმართველი გუნდის შეფასებები
ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილისთვის დეპუტატის მიერ პოსტის დატოვების მიზეზი გაუგებარია.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქალბატონი ეკას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს [მოსამართლეების შერჩევას], ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეკა ბესელიას განცხადებამდე ერთი დღით ადრე, „უკვე გაკეთებული იყო განცხადება იმის თაობაზე“, რომ წელს უზენაესი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ქართული ოცნებისთვის საკონსტიტუციო უმრავლსეობას პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა „გუნდი არის მყარი“. „რაც შეეხება მცირე გადაადგილებებს, შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს“, – განაცხადა მან. მისივე თქმით, 2020 წლის ბოლომდე ოცნება პარლამენტში „ძალიან მყარი და სტაბილური უმრავლესობით“ იქნება წარმოდგენილი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხსა და ეკა ბესელიას გადადგომას შორის კავშირს ვერც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხედავს.
„ჩვენ ამ კანდიდატებზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მას შეეძლო, რომ პირდაპირ დაეფიქსირებინა, რომ არ მოსწონს კანდიდატები, ამაზე გუნდში უნდა ვიმსჯელოთ და ერთიანი პოზიციით წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე, და რატომ გახდა ასე უცებ ეს თემა ეკა ბესელიას კომიტეტიდან წასვლის მიზეზი, გაუგებარია“, – განაცხადა მან.
განსხვავებული მოსაზრება აქვს უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს გედევან ფოფხაძეს. მისი შეფასებით, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება არის პრინციპული პოზიცია „დაკავშირებული ჩვენი მართლმსაჯულების მომავალთან და ჩვენი ქვეყნის მომავალთან“. მისი თქმით, „ეს პოზიცია სასიკეთოდ წაადგება იმ პროცესს, რომელიც უნდა წარიმართოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებით“.
საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკა ბესელიას გადაწყვეტილება მოიწონა და განმარტა, რომ „მთავარი არის საზოგადოებისთვის, არ მოხვედრილიყო საახალწლო სუფრაზე ჩინჩალაძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იურიდიულმა კომიტეტმა ეს ფუნქცია განახორციელა“, – განაცხადა მან.
ამბის პრეისტორია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების 10 კანდიდატურა 24 დეკემბერს შეარჩია და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. შერჩეულ კანდიდატურებს საბჭოს წევრებმა – ირმა გელაშვილმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ მხარი არ დაუჭირეს და საბჭოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსალართლეობის კანდიდატურების შერჩევას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა არასამთავრობო სექტორშიც. მათ 25 დეკემბერს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდეს. იმავე რეკომენდაციით 26 დეკემბერს პარლამენტს სახალხო დამცველმაც მიმართა.
26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)