საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ საშობაო ეპისტოლეში სიტყვის თავისუფლების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკოსების გამოხმაურება და შეფასებები მოჰყვა.
კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში აღნიშნა, რომ „არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისა“. პატრიარქის თქმით, „სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჯაროდ გამოთქვას აზრი“, თუმცა მისივე განმარტებით, „ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა“.
„დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც – გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით, ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს თავდაპირველად მაინც შეცდომაში შეიყვანს“, – ვკითხულობთ ეპისტოლეში.
პოლიტიკური გამოხმაურება
ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სიტყვით ძალადობა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ბილწსიტყვაობა უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება“.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრობლემის მოსაგვარებლად, „გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“, ყველა „ზომა უნდა იყოს მიღებული“ და ამ მხრივ მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიწყოს. „არ გამოვრიცხავ, რომ თუნდაც საგაზაფხულო სესიაზე რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, – დასძინა მანვე.
საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც. მისი განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში არ შეყვანა თითოეული ადამიანის მორალური ვალდებულებაა, თუმცა „სიტყვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს“. „ამ ორ სიკეთეს შორის არის ბალანსი სწორად დასაცავი“, – აღნიშნა მან.
მმართველი გუნდის მიერ გაჟღერებულ განცხადებებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა დაინახეს ოპოზიციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას განმარტებით, „ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ რიტორიკა ყველგან და ყოველთვის იყოს მისი სურვილის შესაბამისი“.
„მისი [ივანიშვილის] მცდელობა იქნება სწორედ ეს, რომ შეზღუდოს მაქსიმალურად გამოხატვის შესაძლებლობა. რამდენად გაბედავენ ამას, ეს უკვე საზოგადოების პასუხიდან გამომდინარე იქნება“, – განმარტა დეპუტატმა.
ევროპული საქართველოს წევრის სერგო რატიანის შეფასებით კი, „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი [ქართული ოცნება] გეგმავენ გარკვეული რეგულაციების შემოღებას“. „შემაშფოთებელია, როდესაც რელიგიური მოწოდების ან საშობაო ეპისტოლეს გამოყენება ხდება პოლიტიკური ნიშნით და თავისუფლების შეზღუდვით“, – განაცხადა მან.
არასამთავრობო სექტორის შეფასება
პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის განცხადებებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნები ამოიკითხეს არასამთავრობო სექტორშიც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (GYLA) ხელმძღვანელის სულხან სალაძის შეფასებით, პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერის განცხადებები აჩვენებს, რომ „ხელისუფლება გამოხატავს მზაობას ამ თემასთან დაკავშირებით მინიმუმ იმუშაოს იმგვარად, რომ, შესაძლოა, ამან გააუარესოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“.
მისივე განმარტებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც დააზიანებს „ქართულ სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას“. „პარლამენტში ჯანსაღი და საღად მოაზროვნე ნაწილი მკაფიოდ უნდა აფიქსირებდეს პოზიციას, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებების გაუარესებასთან, უნდა იყოს უარყოფილი პარლამენტის მხრიდან“, – განაცხადა მან.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, „საუბარი იმაზე, რომ ხელსუფლებამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს, ან რეგულაციები დააწესოს, რომ ცილისწამება გახდეს დასჯადი ან უფრო მკაცრად რეგულირებადი ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მეტად ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში“.
მისივე თქმით დღეს არსებული საკანონმდებლო სტანდარტები „აბსოლუტურად გონივრულ ბალანსს პოულობს სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის პატივსა და ღირსებას შორის“, რაც „აბსოლუტურად საკმარისი მექანიზმებია ადამიანის უფლების დასაცავად“. „სხვა ყველა დამატებითი რეგულაცია არის შეჭრა ადამიანის თავისუფალ სივრცეში, რომელიც ვნებს სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებს Civil.ge-სთან საუბარში მშვენიერაძე.
სიტყვის თავისუფლების შესახებ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს „საშიშ“ და „სახიფათო“ გზავნილებად აფასებს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილიც. მისი შეფასებით, საზოგადოებას არასწორად მიეწოდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს ცილისწამება დაუსჯელია და კონტროლს მიღმაა დარჩენილი, რაც ასე არ არის და სამოქალაქო სამართლის ჭრილში განიხილება.
რაც შეეხება შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს და დეზინფორმაციას, მისივე განმარტებით, ეს უკანასკნელი თანამედროვე ტექნოლოგიების ქვეყანაში საკანონმდებლო რეგულაციების ქვეშ ვერ მოექცევა.
„ხელისუფლებამ არ მგონია, გაბედოს, რომ ცილისწამება დასჯადი გახადოს სისხლის სამართლის წესით და ჩვენ 2004 წლის მდგომარეობას დავუბრუნდეთ, თუმცა ველოდები იმას, რომ გასული წლების მსგავსად ამ წელსაც იქნება სხვადასხვაგვარი ინიციატივები, რაც ირიბად იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე“, – განუცხადა მან Civil.ge-ს.
საკანონმდებლო ჩარჩო
საქართველოს კანონმდებლობით ცილისწამება სისხლის სამართლის წესით 2004 წლიდან აღარ ისჯება და აღნიშნული „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირდება. კანონის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება. ნებისმიერ პირს შეუძლია, რომ მეორე პირის მიმართ ცილისწამებისთვის სამოქალაქო სამართლებრივი დავა დაიწყოს. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთიც სწორედ მას ეკისრება.
პირს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუკი მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება მის მიმართ „არსებითად მცდარ ფაქტს“ შეიცავს, რის გამოც მას ზიანი მიადგა.
ამავე კანონის თანახმად, მოპასუხეს ცილისწამებისთვის შეიძლება დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება (შესწორება ან უარყოფა), ან მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)